სეს - საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა - Palitra News

სეს - საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა

2026-10-15 10:44:06+04:00

სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგებს ასაჯაროებს.

ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგებია ცნობილი. ყველა მათგანი შეესაბამება სურსათის უვნებლობის დადგენილ ნორმებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსური მოკვლევა მყისიერად დაიწყო.

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს ბაგა-ბაღების კვების ბლოკები, ხორცის და რძის პროდუქტების წარმოებები. მონიტორინგის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა საბავშვო ბაღებიდან აღებული სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის: ხილ-ბოსტნეული; რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი); ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი); მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი. კვლევა განხორციელდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები სავარაუდოდ ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში შეიყვანეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით „ნოროვირუსი" იყო. მათივე ცნობით, ეს პათოგენი ვირუსული გასტროენტერიტების ძირითადი გამომწვევია მსოფლიოს მასშტაბით.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მანამდე ბაღებში აღსაზრდელთა სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიებაც დაიწყო.