ვალერი ჩეჩელაშვილი - რთული გასაგებია, პოლიტიკური პარტიების გარეშე არჩევნების აზრი, ოპოზიციური პარტიების აკრძალვით ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შევალთ, იზოლაცია გაიზრდება - ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან კიდევ უფრო რთულ ფაზაში გადავა - Palitra News

ვალერი ჩეჩელაშვილი - რთული გასაგებია, პოლიტიკური პარტიების გარეშე არჩევნების აზრი, ოპოზიციური პარტიების აკრძალვით ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შევალთ, იზოლაცია გაიზრდება - ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან კიდევ უფრო რთულ ფაზაში გადავა

2026-10-13 21:53:56+04:00

ვთვლით, რომ პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაციის თვალსაზრისით, პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ თავისუფლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა , - ამის შესახებ „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჩეჩელაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება იმის მომასწავებელი, რომ ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შედის.

“ჩვენ ვთვლით, რომ სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების პროცესის უზრუნველსაყოფად რამდენიმე საკითხია გადასაწყვეტი - ვინ აძლევს ხმას, ვინ იღებს მონაწილეობას არჩევნებში, ვინ ითვლის ხმას და ვინ აჯამებს შედეგებს. სამივე კომპონენტში გვაქვს სერიოზული ხარვეზები. პოლიტიკური პარტიების გარეშე არჩევნების ჩატარება საერთოდ რამდენად იძენს აზრს, ჩემთვის ცოტა რთული გასაგებია.

ვთვლით, რომ პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაციის თვალსაზრისით, პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ თავისუფლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.

თუ ეს გადაწყვეტილება [პარტიების აკრძალვის შესახებ] საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, ეს იქნება იმის მომასწავებელი, რომ ჩვენ უფრო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შევდივართ და, სამწუხაროდ, საერთაშორისო არენაზე ჩვენი იზოლაცია გაიზრდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან კიდევ უფრო რთულ ფაზაში შევა”, - აღნიშნა ჩეჩელაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, რატომ დააჩქარა “ქართულმა ოცნებამ” პარტიების აკრძალვის პროცესი და არის თუ არა ეს დაკავშირებული საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებასთან, როგორც ერთგვარი შანტაჟი, ჩეჩელაშვილმა უპასუხა, რომ პარტიების აკრძალვა დადებით გავლენას ვერ მოახდენს ევროპელებზე და ეს ქვეყანას დიდ ზიანს მოუტანს.

“რთულია ახლა იმაზე საუბარი, თუ რა ლოგიკით ხელმძღვანელობს მმართველი პარტია, ვინაიდან, ეს არის ძალიან დახურული პოლიტიკური სისტემა და არ ვიცით, როგორ მიმდინარეობს შიგნით მსჯელობა, არის თუ არა იქ რაიმე ალტერნატიული აზრი. ერთი რამ ვიცით, რომ გადაწყვეტილებებზე უპირობო ზეგავლენა აქვს საპატიო თავმჯდომარეს.

სხვათა შორის, აქ “ქართული ოცნება” საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგან თავისი ერთ-ერთი იარაღი, რომლითაც საზოგადოებრივ ველზე ოპერირებს, არის გამჭვირვალეობის პრინციპი. თუმცა, ეს გამჭვირვალეობის პრინციპი საკუთარ მოქმედებებთან დაკავშირებით არ ფუნქციონირებს.

თუ “ქართული ოცნება” ამისთანა მოსაზრებებით ხელმძღვანელობს, ეს არის ძალიან წინდაუხედავი და ახლომეხდველური დამოკიდებულება იმიტომ, რომ ევროპელების გადაწყვეტილებაზე ეს დადებით გავლენას ვერ მოახდენს და ძალიან დიდ ზიანს მოუტანს ქვეყანას იმიტომ, რომ ჩვენ შევალთ ძალიან ღრმა იზოლაციაში”, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.