„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი ევროსაბჭოს კრიტერიუმების მიხედვით პოლიტიკური პატიმარია.
როგორც მათ მიერ გამოქვეყნებულ ანალიზშია ნათქვამი, ე.წ. ტერორიზმის საქმეში ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლია.
„გამოძიების დაწყებიდან 8 თვის შემდეგ განახლებულ საქმეში ბრალდების მხარეს არ გააჩნია არცერთი თვითმხილველი მოწმის ჩვენება. საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებები პირის იდენტიფიცირებისთვის სრულიად უვარგისია, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა კი 6 თვის გასვლის შემდეგაც არ არსებობს. ერთადერთი საყრდენი რის საფუძველზეც სახელმწიფო ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ტერორისტულ მიზნებს სდებს ბრალად არის ოდოროლოგიური ექსპერტიზა. ოთხგვერდიანი გაუმჭვირვალე დასკვნის მიხედვით ძაღლმა დანაშაულის ადგილიდან ამოღებული სუნი თითქოს 8 თვის შემდეგ ამოიცნო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურიდიული შეფასებით, ეს ბრალდება მოკლებულია ყოველგვარ დამაჯერებელ საფუძველს და გამოირჩევა მტკიცებულებითი ბაზის თვალშისაცემი სიმწირით. ორგანიზაციის დასკვნით სახეზეა აშკარად უსამართლო მართლმსაჯულება და ევროსაბჭოს კრიტერიუმების მიხედვით ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პატიმარია“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიზში.