მოსამართლე კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდება ითხოვა - Palitra News

მოსამართლე კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდება ითხოვა

2026-10-12 20:37:36+04:00

მოსამართლე მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდება ითხოვა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ მას უარი უთხრა.

შუამდგომლობის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელის და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი თუ პროცედურული საკითხების განხილვაში მისმა ჩართულობამ, შესაძლოა, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებსა და საზოგადოებაში გააჩინოს გონივრული ეჭვი ამ საქმის მიუკერძოებელ და ობიექტურ გადაწყვეტასთან მიმართებით, რაც სარჩელის განხილვიდან მისი თვითგანრიდების საფუძველს წარმოადგენს. სასამართლოს გადაწყვეტილებაში კი ნათქვამია, რომ მოსამართლის თანამდებობაზე განწესებამდე, მისი პოლიტიკური აქტივობისას გაკეთებული განცხადებების შინაარსის აცილების წინაპირობად განსაზღვრა, გამოიწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის პარალიზებას და უარყოფითად აისახება ამ ინსტიტუციის როგორც მიუკერძოებლობაზე, ასევე ობიექტურობაზე.