რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - არ ვეთანხმები შეფასებას, თითქოს დიალოგს ბოიკოტს ევროკავშირი უცხადებს - ევროკავშირი მუდამ მზადაა, გააგრძელოს დიალოგი იმ ქვეყნებსა და მთავრობებთან, რომლებიც დემოკრატიას იცავენ - Palitra News

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - არ ვეთანხმები შეფასებას, თითქოს დიალოგს ბოიკოტს ევროკავშირი უცხადებს - ევროკავშირი მუდამ მზადაა, გააგრძელოს დიალოგი იმ ქვეყნებსა და მთავრობებთან, რომლებიც დემოკრატიას იცავენ

2026-10-12 12:17:23+04:00

უპირველეს ყოვლისა, საჯაროდ უნდა დავგმო არჩევნები, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა. ამის თქმა და მკაფიოდ დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა-სილვია ტოიუმ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის სხვა წარმომადგენლებსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო პოზიცია აქვთ.

“ვფიქრობ, ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ - ევროპული ოჯახი - მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ქვეყნის გარდაქმნას უფრო ძლიერ, უფრო მტკიცე დემოკრატიად. ამიტომ ვიტყოდი, რომ ეს დადებითი ნიშანია”, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის კუთხით, რუმინეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთანაც, რათა გაიზარდოს ურთიერთდაკავშირებულობა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს.

“რაც შეეხება დიალოგს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, არცთუ ისე ვეთანხმები თქვენს შეფასებას, თითქოს სწორედ ევროკავშირი იყოს ის მხარე, რომელიც დიალოგს ბოიკოტს უცხადებს. ევროკავშირი მუდამ მზადაა, გააგრძელოს დიალოგი იმ ქვეყნებთან და მთავრობებთან, რომლებიც ღიაობას იჩენენ და იცავენ დემოკრატიას, რომლებიც მზად არიან, ოპოზიციას უშუალოდ არჩევნებში გაუწიონ კონკურენცია და არა სხვა ტიპის მექანიზმების გამოყენებით”, - აღნიშნა მინისტრმა.