საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" გაიხსნა. საიუბილეო ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობის, მისი ისტორიული, კულტურული და სულიერი მნიშვნელობის სიღრმისეულ გააზრებას, აგრეთვე მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში საქართველოს როლის წარმოჩენას.
სიმპოზიუმის ფარგლებში მოხსენებით გამოვლენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ისტორიკოსები, თეოლოგები, კულტურის მოღვაწეები და სასულიერო პირები. სიმპოზიუმი რამდენიმე დღეს გაგრძელდება და თემატურ სესიებს მოიცავს.