პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ამ საქმის გარშემო ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, სახელმწიფო პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს. მათი განმარტებით, გამოძიების ნაადრევად დასრულება ადასტურებს, რომ ქვეყანაში მხოლოდ შერჩევითი სამართალია. საგამოძიებო უწყების ცნობით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.