ლილოს ნაგავსაყრელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანაა.
მათივე თქმით, 16 წელია ნაგავსაყრელის სხვა ადგილას გადატანას ითხოვენ. მათივე ცნობით, ტერიტორიაზე გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარიაა, რის გამოც იქმნება ჯანმრთელობისთვის საზიანო გარემო.
„ყოველდღიურად მეთანს ვსუნთქავთ, რაც არის რესპირატორული და ალერგიული პრობლემების გამომწვევი და საბოლოოდ გადაგვარებულ სიმსივნეებამდე მივყავართ. სასწრაფო, რომ მოდის ან ჩვენ მივდივართ კლინიკაში გვეუბნებიან ისეთ ადგილას ცხოვრობთ რატომ გიკვირთ თქვენ შვილს ყოველ წუთს კრუპი რომ ემართებაო. თვითონ კახა კალაძეც გვეუბნება, „მე ვთქვი, რომ ტერიტორია უნდა ვიპოვოო და როდის გითხარით ნაგავსაყრელს გადავიტანო?“ სიტყვებში გვეთამაშება და სამი წელი მოგვიგო ამასობაში“, - განაცხადა აქციის მონაწილემ “ტვ პირველთან”.
აქციის კიდევ ერთი მონაწილის განცხადებით, ბოლო წლებში ალერგიული პრობლემები დაეწყო მისის საცხოვრებელი გარემოს გამო.
„შვიდი საათის მერე გარეთ ვერ გამოხვალ და ვერც ფანჯარას გააღებ ისეთი სუნია. ვერც სარეცხს გაფენ, ისევ გასარეცხი ხდება. არასდროს მქონია ალერგია და ბოლო ორი წელია საშინელი ალერგია დამეწყო ყველაფერზე. დაპირებები ბევრია, მაგრამ გაკეთება ნაკლები“, - განაცხადა აქციის მონაწილემ “ტვ პირველთან”.