„ქართული ოცნების“ რეჟიმი, როგორც ჩანს, საბჭოთა წარსულის აღდგენის უცნაურ რეჟიმზე გადავიდა: საგარეო ასპარეზზე - საქართველოს ევროპული მომავლისგან დაშორებით და კრემლის ორბიტაზე დაბრუნებით, ხოლო ქვეყნის შიგნით - საბჭოთა ტიპის ერთპარტიული სახელმწიფოს შექმნის მცდელობით, - ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმიდნარე დებატებზე განაცხადა.
“კოლეგებო, რა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში უნდა იყოს მთავრობა, რომ საკუთარის გარდა ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალოს? რამდენად უნდა ეშინოდეს მას საკუთარი ხალხის, რომ მშვიდობიანი მომიტინგეები სცემოს, ჟურნალისტები დააპატიმროს და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური საშუალებები გამოიყენოს? სწორედ ამის მოწმეები ვართ საქართველოში, სადაც „ქართული ოცნების“ რეჟიმი, როგორც ჩანს, საბჭოთა წარსულის აღდგენის უცნაურ რეჟიმზე გადავიდა: საგარეო ასპარეზზე - საქართველოს ევროპული მომავლისგან დაშორებით და კრემლის ორბიტაზე დაბრუნებით, ხოლო ქვეყნის შიგნით - საბჭოთა ტიპის ერთპარტიული სახელმწიფოს შექმნის მცდელობით. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ ერთი პრობლემა აქვს: თავად ქართველებს აღარ სურთ, კვლავ „ჰომო სოვეტიკუსებად“ (საბჭოთა ადამიანებად) იქცნენ. მათ არ სურთ, უბრალოდ თავი დახარონ და ხმა არ ამოიღონ”, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებით გამოვიდა.
“ქართველებმა უკვე იგემეს თავისუფლება, იგემეს ევროპა და არცერთ მათგანზე უარს არ იტყვიან. სწორედ ამიტომ არც ჩვენ უნდა ვთქვათ უარი საქართველოზე, ამიტომ უნდა დავუდგეთ მხარში დაპატიმრებულ ჟურნალისტებს, როგორიცაა მზია ამაღლობელი, ამიტომ უნდა დავუწესოთ სანქციები საქართველოს დე ფაქტო ლიდერს, ივანიშვილს და ამიტომ უნდა გავისტუმროთ „ქართული ოცნების“ საბჭოთა ფანტაზიები იქ, სადაც მათი ადგილია - ჩვენი ისტორიის წიგნების ყველაზე ბნელ ფურცლებზე, რადგან საქართველოს მომავალი ევროპაშია”, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.