საქართველოს ბიძინიზაცია დამარცხდება, სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ. ამის შესახებ საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ “ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციური პარტიები აკრძალვის მცდელობების თაობაზე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა.
ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოში ხალხი ჯერ კიდევ აპროტესტებს და მოქალაქეები არ დანებებულან.
“ზოგიერთი ამბობს, რომ საქართველო წაგებული საქმეა. ისინი ამბობენ: “მიიღეთ არსებული ვითარება, რეალისტურად იყავით”. ბევრი ფიქრობდა, რომ ჩვენ, ლიეტუველები, ასევე, ვიყავით წაგებული საქმე, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ქართველები არ დანებებულან. ხალხი ჯერ კიდევ აპროტესტებს, უმრავლესობას ჯერ კიდევ სურს ევროპული მომავალი. სწორედ ამიტომ, ჩვენი მესიჯი დღეს ასევე, მნიშვნელოვანია მათთვის.
რეჟიმს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურს. მან აიძულა გერმანული პოლიტიკური ფონდები დაეხურათ თავიანთი ოფისები თბილისში. ის აპატიმრებს მათ, ვინც დემოკრატიისთვისა და კანონის უზენაესობისთვის მუშაობენ. ეს ძალა არაა, ეს შიშია.
ივანიშვილის რეჟიმმა რუსეთი აირჩია ქართველი ხალხის ნების უარყოფით. პუტინიზმი დამარცხდება. საქართველოს ბიძინიზაცია დამარცხდება. რუსეთი არავისთვის არაა მომავალი. უკრაინა ჯერ კიდევ დგას და იბრძვის, სომხეთმა ასევე გააკეთა თავისი არჩევანი მოსკოვის ზეწოლის მიუხედავად, ასე რომ იმედი არაა დაკარგული.
სწორედ ამიტომ ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ. სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ. წევრი სახელმწიფოები არ უნდა ელოდონ. თავისუფლების სურვილი შიშზე ძლიერია. მხარში უნდა დავუდგეთ ქართველ ხალხს,” - განაცხადა იუკნევიჩიენემ.