ადვოკატი - ნოდარ ჩაჩუა მსხვერპლია ბინძური პროვოკაციის, რომელიც მისმა მეგობარმა მოუწყო - ბრალს არ აღიარებს - Palitra News

ადვოკატი - ნოდარ ჩაჩუა მსხვერპლია ბინძური პროვოკაციის, რომელიც მისმა მეგობარმა მოუწყო - ბრალს არ აღიარებს

2026-10-07 21:27:16+04:00

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ნოდარ ჩაჩუა გახლავთ ბინძური პროვოკაციის მსხვერპლი, რომელიც მოუწყო მისმა მეგობარმა, ალბათ, საკუთარი თავის გადარჩენის სანაცვლოდ , - ამის შესახებ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ყოფილი ჟურნალისტის, ნოდარ ჩაჩუას ადვოკატმა ლევან ზაკრაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურას მტკიცებულების სახით აქვს ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერი, რომელიც პროვოკაციის შედეგადაა მოპოვებული.

„ნოდარ ჩაჩუა გახლავთ ბინძური პროვოკაციის მსხვერპლი, რომელიც მოუწყო მისმა მეგობარმა, ალბათ, საკუთარი თავის გადარჩენის სანაცვლოდ. საუბარია პიროვნებაზე, ვინც ჩაიწერა და მოახდინა პროვოცირება ამ დანაშაულის. საქმის მასალები ვნახე და გამოძიებას აქვს მტკიცებულებები, რომელიც პროვოკაციის შედეგად მოიპოვა: ხმის ჩანაწერიცაა და ფარული აუდიო-ვიდეო გადაღებაცაა.

დაკავებულმა თავისი პოზიცია სასამართლოში გააჟღერა და მიუთითა, რომ თავისმა მეგობარმა მოუწყო ეს პროვოკაცია“, - განაცხადა ადვოკატმა.

ინფორმაციისთვის, ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება კოკაინის შეძენა - შენახვა რეალიზაციის მიზნით და რეალიზაცია ) და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ( ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძისა) და ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინის შეძენა - შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.