პროკურატურა - 94 პირი „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდა და მოქალაქეებს ემუქრებოდა - Palitra News

პროკურატურა - 94 პირი „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდა და მოქალაქეებს ემუქრებოდა

2026-10-03 20:12:00+04:00

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე 94 პირს ბრალდება წარუდგინა. საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ. ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ და კრიმინალურ დავებს განიხილავდნენ, იღებდნენ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს, რომლის შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში მოდავე მხარეს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.