რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულება საწამებელ ადგილად არის გადაქცეული. ხვდებით, ადამიანი ამას საჯაროდ რომ ამბობს, რამხელა ტრავმა აქვს მას? არც მახსენდება პატიმრობაში მყოფი ადამიანის მხრიდან ასეთი გაცხადება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პატიმარ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
გოგიჩაიშვილმა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს სიტუაციიდან გარიდება და პასუხისმგებლობის აღება ურჩია. მისივე თქმით, „ხელის დამფარებელსა და შემსრულებელს შორის დიდი განსხვავება არ არის“.
„პროპაგანდა ჩამოდგა - „რუსთავი 2”, „ტვ იმედი”, „პოსტივი”, ზუსტად იმავე სულისკვეთებით. ასოციაციები გამიჩნდა, გამახსენდა ის [ჩემი პატიმრობის] წლები, როგორ ხდებოდა ჩვენი, პატიმრების გაშავება, როგორ მუშაობდა პროპაგანდა. იმას კი არ დაწერს და ყვირილს კი არ ატეხს „რუსთავი 2”, რა მოხდა ამ ფაქტზე, იმას აშუქებს, რაზე არის ეს ადამიანი [გიორგი დავითაძე] დაკავებული ანუ ამით ჰგონიათ, რომ აშავებენ. რა მნიშვნელობა აქვს, რაზე არის დაკავებული, რა მნიშვნელობა ჰქონდა, ჩვენ რაზე ვიყავით დაკავებული, უნდა ვეწამებინეთ წინა ხელისუფლებას?
ზუსტად იგივე „რუსთავი 2”, ზუსტად იგივე პროდიუსერები, ზუსტად იგივე სახეები, ზუსტად იგივე სულისკვეთება და ზუსტად იგივე სიუჟეტები, არაფერი არ შეცვლილა. გაიგეთ მეგობრებო, ეს პარტია „ნაციონალური მოძრაობის” მემკვიდრეობაა, ეს ხალხი თქვენი მხარდაჭერის ღირსი არ არის, განსაკუთრებით იმათი მხარდაჭერის ღირსი, ვინც მართლა თავი გადადეთ წინა ხელისუფლებასთან ბრძოლაში და ვინ შეგრჩათ ბოლოს ხელში, თენგიზა შარმანაშვილი, გორდულაძე და პაპუაშვილი?
რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულება საწამებელ ადგილად არის გადაქცეული. ხვდებით, ადამიანი ამას საჯაროდ რომ ამბობს, რამხელა ტრავმა აქვს მას? არც მახსენდება პატიმრობაში მყოფი ადამიანის მხრიდან ასეთი გაცხადება. სახალხო დამცველი კი არა, თავად საუბრობს ამაზე. წარმოუდგენელი ამბავია, ამ განცხადების შემდეგ მისი ცხოვრება ხომ შეცვლილია უკვე? და ამას უყვება მოსამართლეს, რომელსაც არანაირი რეაქცია არ აქვს.
ეს ხალხი, ვინც იქ მუშაობს, ისინიც ხომ ახალაიას პენიტენციური სისტემიდან გადმოსული ხალხია. მე-6 პენიტენციურის დაწესებულების დირექტორი ან მისი თანამშრომლები ციდან კი არ ჩამოფრენილან.
ეს უკვე პოლიტიკური საკითხია, ეს არ არის ერთი ციხის დირექტორის პირადი ცხოვრების ამბავი. მე ვურჩევდი დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ამ ჯალათებზე ხელის დაფარებას, კაცური პასუხისმგებლობა აიღოს და სანამ გამოძიების პროცესია, თვითონაც გაერიდოს იმიტომ, რომ ხელის დამფარებელსა და შემსრულებელს შორის დიდი განსხვავება არ არის”, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მან ასევე შეაფასა სახალხო დამცველის აპარატის განცხადება, რომელიც პატიმარ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით გაავრცელა. გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ ლევან იოსელიანის განცხადება სახალხო დამცველი განცხადება არ არის და ის „ქართული ოცნების” დეპუტატების განცხადებასთან გააიგივა.
„გაცილებით უფრო დიდი ემოცია ჩააქსოვა ციხის დეპარტამენტების ხელმძღვანელმა დღევანდელ განცხადებაში, ყოველ შემთხვევაში, ემპათიის გამოხატვას ეცადა, ვიდრე სახალხო დამცველმა. რაღაცნაირად ქირურგიულად ლანცეტით გადაჭრა ეს თემა, დახურა და წავიდა, თითქოს არაფერი. „ნაცებსაც” ჰყავდათ სახალხო დამცველი, თქვენ ფიქრობთ, გიორგი ტუღუში არ წერდა თავის ანგარიშებში რაღაცებს? მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდიოდა, როცა მნიშვნელოვანი საკითხი იყო და მართლა რაღაც უნდა ეთქვა სახალხო დამცველს, უკან იხევდა.
ლევან იოსელიანის დღევანდელი კომენტარი არ არის სახალხო დამცველის კომენტარი, იგივე კომენტარს გააკეთებდა მაგალითად არჩილ გორდულაძე. ეს იყო გორდულაძის კომენტარი და არა სახალხო დამცველის კომენტარი.
ლევან იოსელიანი სანამ პირს გააღებს და სანამ რაღაცაზე რეაქციას გამოაქვეყნებს, ბევრჯერ დაფიქრდეს იმიტომ, რომ ის სახალხო დამცველია და არა პარლამენტის წევრი ან „ქოცების” კომიტეტის თავმჯდომარე“, - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა „ქართული ოცნების” მმართველობის 14 წლისთავთან დაკავშირებითაც ისაუბრა და გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ დღესთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.
გოგიჩაიშვილის აზრით, ივანიშვილის ასეთი საქციელი იმაზე მეტყველებს, რომ მას არ სურს „ქართული ოცნების” დღევანდელ შემადგენლობასთან ასოცირება.
„მე რამდენიმე ვერსია მაქვს, მაგრამ ერთ-ერთი ვერსია არის ის, რომ ამ ადამიანს [ბიძინა ივანიშვილს] ამ მოცემულობის „ქართულ ოცნების” ლიდერებთან არ უნდა ასოცირება. ბიძინა ივანიშვილისთვის შალვა პაპუაშვილი არის ხელის ბიჭი და მისთვისაც შეურაცხმყოფელი იქნება, ვიღაცამ იფიქროს, რომ პაპუაშვილი არის ბიძინასთან ასოცირებული და მის სიმაღლეზეა აწეული”, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.