სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძის ადვოკატის, დავით სიმონიას განცხადებით, ახობაძეს არავის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება.
როგორც სიმონია აღნიშნავს, მძიმე დანაშაულში ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების საფუძველი დაცვის მხარის მიერ საქმესთან დაკავშირებით მიწოდებული ახალი ინფორმაცია გახდა. თუ რას ეხება აღნიშნული, ადვოკატი არ აკონკრეტებს, თუმცა, დადასტურებით აცხადებს, რომ სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს არავის წინააღმდეგ მიუცია ჩვენება.
"დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ სასამართლოს საქმესთან დაკავშირებით მივაწოდეთ ახალი ინფორმაცია. ეს კონკრეტული ინფორმაცია არავის ეხება გარდა ლევან ახობაძისა და ამ სისხლის სამართლის საქმისა. ვინმეს წინააღმდეგ ლევან ახობაძეს ჩვენება მიცემული არ აქვს და ვერც მისცემს, რადგან ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არ ფიგურირებენ სხვა პირები, რომელთა შესახებაც შეიძლება ვინმემ ჩვენება მისცეს.
იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შეიცვალა, დავაყენეთ შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, მოვითხოვეთ გირაო და სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ლევან ახობაძე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
ლევან ახობაძე მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება, არ აღიარებს",- განაცხადა სიმონიამ.
რამდენიმე წუთის წინ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლევან ახობაძე 500 000 -ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს