ნიკა გვარამია - ჯერ უნდა დავიბრუნოთ ტერიტორიები და ქვეყანა, რომელიც ჩვენ კონტროლს ქვეშაა და შევძლებთ დანარჩენს - რაც შეეხება აშშ-სთან ურთიერთობებს, რეალობა სახეზე ეწერა კობახიძეს, გვანახონ შედეგები, მის ნათქვამს აღარავინ იჯერებს, ივანიშვილის ჩათვლით - Palitra News

ნიკა გვარამია - ჯერ უნდა დავიბრუნოთ ტერიტორიები და ქვეყანა, რომელიც ჩვენ კონტროლს ქვეშაა და შევძლებთ დანარჩენს - რაც შეეხება აშშ-სთან ურთიერთობებს, რეალობა სახეზე ეწერა კობახიძეს, გვანახონ შედეგები, მის ნათქვამს აღარავინ იჯერებს, ივანიშვილის ჩათვლით

2026-09-27 20:58:21+04:00

ჯერ უნდა დავიბრუნოთ ტერიტორიები და ქვეყანა, რომელიც ჩვენს კონტროლს ქვეშაა და მერე შევძლებთ დანარჩენს, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა მარშის დაწყებამდე, რომელიც სოხუმის დაცვის დღესთან დაკავშირებით თბილისში მიმდინარეობს.

ნიკა გვარამიას მიაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგება რეალისტურია, თუმცა განხორციელებადი ვერ იქნება „ქართული ოცნების“ პირობებში.

„დღევანდელი დღე მძიმე დღეა. საქართველოში ეს დღე ყოველთვის ემახსოვრებათ, გვემახსოვრება, მაგრამ მხოლოდ მეხსიერებას ვერ გამოვიყენებთ, რომ დავეყრდნოთ მას - ვიაროთ წინ, ვიაროთ იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ და ეს ძალიან რეალისტურია, მაგრამ უკავშირდება იმგვარ რაღაცებს, რაც ბიძინა ივანიშვილის პირობებში უბრალოდ არ არის განხორციელებადი - ეს არის ევროკავშირის წევრობა, ეს არის მაღალი ხარისხის უსაფრთხოება, ეს არის უზრუნველყოფილი ცხოვრება ყველასთვის, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამიტომ ჯერ უნდა დავიბრუნოთ ის ტერიტორიები და ქვეყანა, რომელიც ჩვენს კონტროლს ქვეშაა და მერე შევძლებთ ყველაფერ დანარჩენს, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, - აღნიშნა გვარამიამ.

ასევე, გვარამიამ უპასუხა კითხვას, რომელიც საქართველო - აშშ-ს ურთიერთობებს და მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს უკავშირდებოდა, რომელთაც ურთიერთობებში არსებული დინამიკა დადებითად შეაფასეს.

გვარამიას თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებებს ვერ დაეყრდნობა, რადგან მას აღარავინ უჯერებს და საჭიროა „შედეგები გვანახონ“.

მეტიც, ოპოზიციონერი ფიქრობს, რომ გამორიცხულია „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში დასავლურ სამყაროსთან ურთიერთობების დალაგება მოხდეს, რადგან „ყველაფერი მომსპარი და გაფუჭებულია“, თუმცა აღნიშნავს, რომ დასავლეთთან ურთიერთობების შემოტრიალებას ქვეყნის სხვა ხელისუფლება შეძლებს.

„რეალობა, რაც არის, სახეზე ეწერა ირაკლი კობახიძეს, როცა ამ განცხადებას აკეთებდა. უნდა ვნახოთ, გვანახონ შედეგები, კობახიძის ნათქვამს აღარავინ იჯერებს, ივანიშვილის ჩათვლით, ჩვენ ვერ დავეყრდნობით მის ნათქვამს. რეალურად მას ბოლო შანსი მისცეს დალაგებისთვის დასავლურ სამყაროსთან. ცხადია, ვერ გააკეთებს, რადგან ყველაფერი ისეთი მომსპარი და გაფუჭებულია, გამორიცხულია, რომ ამის შემოტრიალება „ქართულმა ოცნებამ“ შეძლოს. ამას შეძლებს საქართველო, ოღონდ სხვა ხელისუფლება“, - დასძენს გვარამია.