მომავალში ამ ხალხის დანდობა არ იქნება, გამორიცხულია. არ შეიძლება ერთ ქუჩაზე ცხოვრობდეს პატიოსანი ადამიანი და ხოჯევანიშვილი, პატიოსანი ადამიანი და იზორია, პატიოსანი ადამიანი და ბახტაძე - ესენი არიან გამყიდველი ხალხი, მშიშარა არარაობები , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რითაც ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ლევან იზორიასა და შიდა ქართლის ყოფილი რმწუნებულის გიორგი ხოჯევანიშვილის დაკითხვას ეხმაურება, რომელთაც განაცხადეს, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს მშენებლობის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებული.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ ისინი „ცრუ მოწმეები, მატყუარები და დამსმენები“ არიან.
ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, გიორგი ხოჯევანიშვილი გიორგი გახარიას „უახლოესი ადამიანი იყო, მისი გუნდის წევრი იყო“ და როგორ შეიძლება არ სცოდნოდა ჩორჩანაში საგუშაგოს მშენებლობის შესახებ.
„გათახსირებული ხალხი იყვნენ, კარიერისტი, გამყიდველი. გამყიდველი ქართველის ტიპი ისტორიულად რომ წარმოგიდგენიათ, ვინც გძულდათ მთელი ცხოვრება, ისტორიულ წიგნებს რომ კითხულობდით და ერქვათ გამყიდველები, ეს არის ხოჯევანიშვილი, ეს არის იზორია, ეს არის ბახტაძე. ესენი არიან გამყიდველი ხალხი, მშიშარა არარაობები. ხალხი, რომლებიც პრემიერ-მინისტრები იყვნენ, გუბერნატორები იყვნენ, ესენი ხალხი არ არიან.
რა მაინტერესებს, ეს ხოჯევანიშვილი რომ წაიყვანეს და იქ ვიღაც ბიზნესმენს ჩააბარეს და ხელფასი დაუნიშნეს, ტვინი კი არ გადმოსდის თავიდან, უბრალოდ, მოღალატე კაცი წაიყვანა ვიღაც ბიზნესმენმა, დაასაქმა სადღაც ბათუმში პორტში, მიბმულია სუს-ზე, პროკურატურაზე, პოლიციაზე და ვერ აგდებინებ პასტას და ფურცელს. თავიდან ბოლომდე მათი კარიერა ამ კაცის[გახარია] გაკეთებულია, ვინ იყვნენ ეს ხალხი, საერთოდ ვინ იცოდა? რაღაც კლერკები იყვნენ, გადმონაშთები იყვნენ. ასე ხდება ხოლმე, მაგრამ ეს გახარიას პირადი ამბავია.
ამ ხალხის დანდობა არ იქნება მომავალში, გამორიცხულია. უბრალოდ. ამ ხალხის ადგილი არ არის ამ საზოგადოებაში. არ შეიძლება ერთ ქუჩაზე, ერთ კორპუსში ცხოვრობდეს პატიოსანი ადამიანი და ხოჯევანიშვილი, პატიოსანი ადამიანი და იზორია, პატიოსანი ადამიანი და ბახტაძე. იზოლაციაა ამ ხალხი [საჭირო]. არ შეიძლება ახალგაზრდა ბავშვმა, სკოლის მოსწავლემ ამ გამყიდველ ხალხს უყუროს. არ შეიძლება ის ვიღაცის მეზობელი იყოს და კარგი ადამიანი იყოს. ხელს ნუ ჩამოართმევთ იმიტომ, რომ ისინი არიან ცრუ მოწმეები, მატყუარები. თქვენც გაგწირავენ, ათას სიბინძურეს ჩაიდენენ. ასეთი ხალხი, ცრუ მოწმეები, დამსმენები, ეს ხალხი მოსაშთობია, გასარიყია ამ საზოგადოებიდან. არ შეიძლება ამ ხალხმა გააგრძელოს ჩვეულებრივი ცხოვრება, არ შეიძლება მათთან ერთად კაფეში დაჯდომა, ერთ სივრცეში მოხვედრა, არ შეიძლება ერთ ქუჩაზე სიარულიც, პარაზიტები და ხორცმეტები არიან ჩვენი საზოგადოების“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ლევან გოგიჩაიშვილი გადაცემაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილის და გოგა კიკილაშვილის დანიშვნასაც გამოეხმაურა.
გოგიჩაიშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში ორი ახალი მოსამართლის დანიშვნით არაფერი შეიცვლება.
„მეთოფიშვილით და კიკილაშვილით არაფერი არ შეიცვლება. თუ ჰყავდათ შვიდი, ახლა ეყოლებათ ცხრა, მაგრამ ხუთიც საკმარისია იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად აკონტროლო. აბსოლუტურად არაფერი არ შეცვლილა ამით, უბრალოდ, დინოზავრებმა და სააკაშვილის მოსამართლეებმა წინ წაიწიეს. ჯერ ერთი, არაეთიკურია, მემკვიდრეობითია თუ რა უბედურებაა, მამა წავიდა, შვილი მოვიდა. ქვას ხეთქავენ ისეთი ცოდნა აქვთ? მათი დამსახურებაა მლიქვნელობა, ხელის ბიჭობა, ერთ კაცზე ჩამოკიდება“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ „„ქართული ოცნება“ მუშტებს იქნევს ჰაერში“
ოპოზიციონერის თქმით, „ქართული ოცნება“ პარტიებს ვერ აკრძალავს, მაგრამ თუკი ეს მაინც მოხდა, ეს იქნება „უმძიმესი მათი ცხოვრებისთვის, მათი მომავლისთვის“.
„მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ვერანაირი პოლიტიკური ველის მომსუფთავენელი ვერ არის. „ქართული ოცნება“ მუშტებს იქნევს ჰაერში და ჰოპლას იძახის. ჯერ გადახტნენ და მერე დაიძახონ. თუ ისინია მ ნაბიჯზე წავლენ, მათთვის იქნება უმძიმესი. უმძიმესი მათი ცხოვრებისთვის, მათი მომავლისთვის, პიროვნულად მათთვის. ეს ჩვენ დღის წესრიგს ვერ გადაგვახვევინებს.
მახინჯი პოლიტიკური კლასის წარმომადგენლებს უნდათ, რომ პრობლემების ნაცვლად ყოველდღე ვილაპარაკოთ, აგვკრძალავენ თუ არ აგვკრძალავენ. მუშტების ჰაერში ქნევას, გადადგან ნაბიჯი, ხომ მაგრები არიან?! მერე რასაც მიიღებენ,მაგას ნახავენ თვითონ. ეს პროცესი ძალიან მძიმე იქნება მათთვის იმიტომ, რომ ჩვენ მაინც მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას ამა თუ იმ ფორმით. ჩვენ ვიქნებით ხვალ და თქვენ აღარ იქნებით ხვალ“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.