საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი პირის გარდაცვალება გამოიწვია ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, ბრალდებულმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, შეეჯახა გაჩერებულ ავტომანქანას და მოქალაქეებს, რის შედეგადაც ორი პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი პირი ჯანრმთელობის დაზიანებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება გრძელდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.