არის თუ არა საბოლოო იმ პარტიების სია, რომელთა აკრძალვასაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით ცდილობს?! რამდენიმე დღის წინ, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, სიაში პარტია „გახარია საქართველოსთვისაც“ აღმოჩნდა. ხელისუფლება სიის გაფართოებას გახარიას გუნდის დესტრუქციული ქმედებებით ხსნის. მათი თქმით, პარლამენტში შესვლის მიუხედავად, ექსპრემიერის გუნდის წევრები არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას და შესაბამისად, სხვა პარტიებისგან არაფრით განსხვავდებიან. გახარიას გუნდში კი ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთ საპარლამენტო ოპონენტს ვერ ეგუება. იმ პარტიებში კი, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში აქამდეც იყვნენ, ამბობენ, რომ რეალურად „ქართულ ოცნებას“ პარტიების აკრძალვისთვის საჭირო გამბედაობა არ ჰყოფნის.