ის შედეგები, რაც ჩვენ გვაქვს ენერგეტიკის სფეროში თითოეული თქვენგანის დამსახურებაა და ამისათვის მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ, დღეს, ვმუშაობთ არამხოლოდ ამ შედეგების შენარჩუნებაზე, არამედ ჩვენი ენერგეტიკის სისტემისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე, რაც ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ საფუძველი ჩაეყარა ახალ ხედვას, რომლის მიხედვითაც განვითარდება ქვეყნის ენერგეტიკული სისტემა მომდევნო 10 წლის განმავლობაში.
„გილოცავთ პროფესიულ დღეს! დღეს, აღინიშნება ენერგეტიკოსის დღე ძალიან საინტერესო ადგილას - ეს არის ჰესი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა და ამოქმედდა 1927 წლიდან და რომელსაც აქვს საუკუნოვანი ისტორია. ეს იყო ერთ-ერთი პირველი მძლავრი ჰესი საქართველოს ისტორიაში და ამ დღიდან გარდამტეხი ცვლილებები შევიდა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში.
დღესაც, რა თქმა უნდა და დღეს კიდევ უფრო მეტად ენერგეტიკა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და სამომავლოდაც ენერგეტიკის განვითარება დარჩება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.
ის შედეგები, რაც ჩვენ გვაქვს ენერგეტიკის სფეროში თითოეული თქვენგანის, თითოეული ენერგეტიკოსის დამსახურებაა. თქვენი შრომის, პროფესიონალიზმის, თქვენი საინჟინრო მიღწევების დამსახურება და ამისათვის თითოეულ თქვენგანს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ.
დღეს, ვმუშაობთ არამხოლოდ ამ შედეგების შენარჩუნებაზე, არამედ ჩვენი ენერგეტიკის სისტემის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე, ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებაზე, ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.
გასული თვეების განმავლობაში, წელიწადზე მეტია, ხორციელდება უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით და ამ ცვლილებებმა უკვე მოიტანა კონკრეტული ხელშესახები შედეგები, თუმცა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება ეს ყველაფერი მომდევნო წლებში, როდესაც შეიქმნება ახალი ენერგეტიკული ობიექტები და თვისებრივად ძლიერდება ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. იცით, რომ განხორციელდა ოპტიმიზაცია მრავალი მიმართულებით და საფუძველი ჩაეყარა ახალ ხედვას, რომლის მიხედვითაც განვითარდება ჩვენი ენერგეტიკული სისტემა მომდევნო 10 წლის განმავლობაში,“- აღნიშნა პრემიერმა.
გარდა ამისა, კობახიძის თქმით, მთავრობას აქვს „ძალიან ამბიციური გეგმა, რომლის თანახმად, 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს გენერაცია საქართველოში 2036 წლამდე და მისი განხორციელება არის სავსებით რეალური“.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს საქართველოს ჰყავს მაღალკვალიფიციური, თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტირებული ენერგეტიკოსები, რომლებიც აგრძელებენ იმ დიდი საინჟინრო და პროფესიული ტრადიციის განვითარებას, რომელიც საქართველოში ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას, ქალბატონ მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს, მის გუნდს, ქალბატონ ინგა ფხალაძეს, რომელიც არის ენერგეტიკის კურატორი. ეკონომიკის სამინისტროში თითოეული სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელს, რომელიც ფუნქციონირებს ენერგეტიკის სფეროში. თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედეგია ეს ცვლილებები, რომლებიც ჩვენ უკვე მივიღეთ ამ პერიოდის განმავლობაში და რომელიც საფუძველს ჩაუყრის ენერგეტიკის განვითარების ახალ ეტაპს ჩვენს ქვეყანაში.
ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანურ კაპიტალს. პროფესიონალების ცოდნა არის ჩვენი წარსული წარმატების და ჩვენი სამომავლო წარმატების უმთავრესი გარანტი. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ დღეს საქართველოს ჰყავს მაღალკვალიფიციური, თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტირებული ენერგეტიკოსები, რომლებიც აგრძელებენ იმ დიდი საინჟინრო და პროფესიული ტრადიციის განვითარებას, რომელიც საქართველოში ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გონივრულად და რაციონალურად იყოს გამოყენებული ჩვენი რესურსები, ჩვენი პოტენციალი. გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მოვიძიოთ ახალი ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა და ხელი შევუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას ამ სფეროში. ასევე გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავაფასოთ ჩვენი ღირსეული პროფესიონალები, თითოეული ის ადამიანი, რომელიც ემსახურება ენერგეტიკის სისტემას და ენერგეტიკის სისტემის განვითარებას საქართველოში. მადლობას გადაგიხდით თითოეულ ენერგეტიკოსს თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის, თქვენი ღირსეული საქმიანობისთვის, თქვენი პროფესიონალიზმისთვის, თქვენი თავდადებისთვის. თითოეული თქვენგანის ძალისხმევაზე დგას ენერგეტიკის სფეროში ჩვენი ქვეყნის მიღწევები. გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ წარმატებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.