ჩემი ეჭვი ტრიალებს იმის გარშემო, რომ დეპუტატებს ღილაკი არ შეშლიათ - ლაშა ტალახაძეს რომ შეშლოდა, ამაზე არანაირი კითხვის ნიშნები არ გაჩნდებოდა, მაგრამ მე ნამდვილად ვერ მივაყენებ შეურაცხყოფას, მაგალითად, თეა წულუკიანს რომ ვთქვა, მას ღილაკები აერია, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით, 2024 წლამდე მოქმედი ნორმების აღდგენასთან დაკავშირებით, ფრაქცია „საქართველოსთვის" საკანონმდებლო ინიციატივაზე, „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ 16 დეპუტატის მხარდაჭერის დაფიქსირებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, კანონპროექტზე ხმის მცემის დროს, სისტემური არევა ვერ მოხდება - არის ორი ღილაკი: მწვანე და წითელი.
შარაშიძე ასევე ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება იყო, სავარაუდოდ, ერთგვარი სიგნალი, მათ შორის, „ოცნების“ სხვა ფლანგის მიმართ.
ამასთან, დეპუტატი აღნიშნავს, რომ „ისინი შესაძლოა, ამ მანიპულაციით საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობდნენ სამომავლოდ“.
„ჩვენთვის არ არის გასაკვირი კანონის ჩაგდება. ჩვენ არაერთი შემთხვევა გვქონდა, როცა ჩვენი ინიციატივა ჩააგდეს. სამწუხაროდ, ეს რეალობა არის. რაც შეეხება იმას, როგორ მოხდა ეს ამბავი - მე ნამდვილად, შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ, მაგალითად, თეა წულუკიანს რომ ვთქვა, რომ მას აერია ღილაკები. საქართველოს პარლამენტის ამ შემადგენლობაში თუ ვინმე შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე გამოცდილ, კომპეტენტურ და კვალიფიციურ პოლიტიკოსად და დეპუტატად, ეს არის პირველ რიგში, ქალბატონი თეა წულუკიანი. მესმის, რომ ისიც ადამიანია, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან კანონპროექტზე მწვანე და წითელი ელემენტარულია. ეს რომ ყოფილიყო რომელიმე გამოუცდელი დეპუტატი, [გასაგებია]. მე შენ გეტყვით, არ ჰყავთ [გამოუცდელი დეპუტატები], თუ რა?! სპორტსმენი, მომღერალი...
ამ დეპუტატებმა უნდა ახსნან. თუ შეეშალა ქალბატონ თეას და კიდევ სხვა დეპუტატებს, უნდა გამოვიდნენ და თქვან, რომ შეეშალათ, მაგრამ ჩემი ეჭვი ტრიალებს იმის გარშემო, რომ არ შეშლიათ. ეს სავარაუდოდ, იყო ერთგვარი სიგნალი, მათ შორის, „ოცნების“ სხვა ფლანგის მიმართ. ვითომ შეცდომა, მაგრამ თან ამავე დროს, გზავნილი.
ეს უკავშირდება მდინარაძის გაშვების თემასაც. პარლამენტის დეპუტატების დიდი ნაწილი პირდაპირ იყო მდინარაძის მიერ გაკონტროლებული. აქ ერთადერთი, ვინც შეიძლება მდინარაძის ე.წ. გუნდში მოიაზრებოდეს, არის კირცხალია, მაგრამ კირცხალია თავადაც არ იმყოფებოდა დარბაზში და როგორც ჩანს მის ნაცვლად, ბატონ სამხარაძეს აქვს მიცემული. დანარჩენი არ მგონია, რომ რომელიმე თავის თავს მდინარაძის ყოფილ გავლენის ადამიანად და დეპუტატად მოიაზრებდეს.
მეორე თემაა საკუთარი რეპუტაციის გადარჩენა, საკუთარი თავის გადარჩენა, სახის შენარჩუნება, მათ შორის, როდესაც საქმე საქმეზე მივა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. არ არის გამორიცხული, როცა დასჭირდებათ, ეს სათავისოდ გამოიყენონ და თქვან, რომ ჩვენ ასეთ დემოკრატიულ კანონპროექტს მხარი დავუჭირეთო. ეს კითხვებია, რა თქმა უნდა, მე დაბეჯითებით ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ იმდენად უცნაური ფაქტი მოხდა... ლაშა ტალახაძეს რომ შეშლოდა, ამაზე არანაირი კითხვის ნიშნები არ გაჩნდებოდა და ასეთი კიდევ უამრავი დეპუტატია პარლამენტში, მაგრამ აქ ისეთი სახელებია, უბრალოდ ძალიან რთულია იმის დაჯერება, რომ ტექნიკური მიზეზით მოხდა. არანაირი ტექნიკური მიზეზი არ არსებობს, არანაირი სისტემური არევა იქ არ მოხდება და ვერ მოხდება. არის ორი ღილაკი მწვანე და წითელი. თან ისიც უნდა ითქვას, რომ პაპუაშვილი საჯაროდ აკეთებს ხოლმე განცხადებებს და დეპუტატებს აფრთხილებს, რომ ეს კანონპროექტი არ არის ჩვენი, არამედ არის ფრაქცია „საქართველოსთვის“, - განაცხადა შარაშიძემ.
ცნობისთვის, ფრაქცია “საქართველოსთვის" საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით 2024 წლამდე მოქმედი ნორმების აღდგენას ითვალისწინებდა, “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ 16-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
კენჭისყრის შედეგები ფრაქცია “საქართველომ" გამოაქვეყნა. იმ 28 დეპუტატს შორის, რომელთაც საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირეს, “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ შემდეგი წევრები არიან: - ირაკლი კირცხალია, თორნიკე ბერეკაშვილი, ისკო დასენი, ზაალ დუგლაძე, ვახტანგ თურნავა, სამველ მანუკიანი, გურამ მაჭარაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ეკა სეფაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, თეა წულუკიანი, გივი ჭიჭინაძე და გიორგი ჭყონია.
აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის წინ სხდომის წამყვანმა შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს მიმართა, გაეთვალისწინებინათ, რომ კენჭისყრაზე შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით ფრაქცია “საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილი პროექტი დგებოდა.
კენჭისყრის შედეგით 28 - მომხრე, 16 - წინააღმდეგი, საკანონმდებლო ინიციატივა “ჩავარდა“.