მაია ბითაძე - კარგად ვიაზრებ პასუხისმგებლობას - სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით და დიდი სურვილით, რომ მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას - Palitra News

მაია ბითაძე - კარგად ვიაზრებ პასუხისმგებლობას - სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით და დიდი სურვილით, რომ მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას

2026-09-15 11:25:28+04:00

ძალიან კარგად ვიაზრებ პასუხისმგებლობის იმ ხარისხს, რომელიც მაკისრია როგორც გუნდის, ასევე თითოეული იმ ადამიანის წინაშე, ვინც ქმნის ქართულ კულტურას, - ამის შესახებ მაია ბითაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ის კულტურის მინისტრად წარადგინა.

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, მას მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილება აქვს.

„ეს გადაწყვეტილება ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ნდობაა. ძალიან კარგად ვიაზრებ პასუხისმგებლობის იმ ხარისხს, რომელიც მაკისრია როგორც გუნდის, ასევე თითოეული იმ ადამიანის წინაშე, ვინც ქმნის ქართულ კულტურას. კულტურა ეს არამხოლოდ შემოქმედება და კულტურული მემკვიდრეობა, არამედ ეს ჩვენი ერის თვითმყოფადობის იდენტობის ნაწილი და ის ენაა, რითაც ჩვენ უნდა ვესაუბროთ მთელ მსოფლიოს. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მთელს გუნდს, ჩემს კოლეგებს, ყველა იმ ადამიანს, რომლებთან ერთადაც წლებია ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას. კარგად მესმის, თუ რა დიდი გზა გვაქვს გასავლელი. იმედი მაქვს, რომ ძალიან წარმატებული იქნება ჩვენი საქმიანობა, ღირსეულად გავართმევ თავს იმ ნდობას და პასუხისმგებლობას, რომელიც გუნდმა დამაკისრა. სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით. ასევე, დიდი სურვილით, რომ მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას, არის დარგის პროფესიონალი, გული შესტკივა და უყვარს ეს სფერო. ძალიან დიდი მადლობა და იმედი მაქვს, გავამართლებ იმ ნდობას, რომელიც მე პრემიერმა და გუნდმა გამომიცხადა“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე წარადგინა. მაია ბითაძე ამ

დრომდე საქართველოს პარლამენტის წევრი იყო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

კულტურის მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ არის, რაც თინათინ რუხაძემ 28 ივლისს პოსტი დატოვა. „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში თინათინ რუხაძემ გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და განაცხადა, რომ „ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დაუთმოს საქმეს, რომელიც ძალიან უყვარს და მისთვის ძვირფასია“.