ირაკლი კირცხალია გახარიას პარტიაზე - არ აქვს ფერსა და ნომერს მნიშვნელობა, როდესაც ემსახურები მზაკვრულ იდეას, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აგენტურული ქსელი - სარჩელის პირობებში არ გვაქვს მოთხოვნილი მანდატების შეწყვეტა პარლამენტსა თუ საკრებულოებში - Palitra News

ირაკლი კირცხალია გახარიას პარტიაზე - არ აქვს ფერსა და ნომერს მნიშვნელობა, როდესაც ემსახურები მზაკვრულ იდეას, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აგენტურული ქსელი - სარჩელის პირობებში არ გვაქვს მოთხოვნილი მანდატების შეწყვეტა პარლამენტსა თუ საკრებულოებში

2026-09-14 21:15:25+04:00

საკონსტიტუციო სარჩელის პირობებში ჩვენ არ გვაქვს მოთხოვნილი მანდატების შეწყვეტა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებზე პარლამენტსა თუ საკრებულოებში , - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებზე განაცხადა.

მისივე თქმით, გახარიას პარტია იმ მიზეზით დაემატა გასაუქმებელი პარტიების სიას, რომ ისინი „ემსახურებოდნენ იმ მზაკვრულ იდეას, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აგენტურული ქსელი ემსახურებოდა“.

როგორც კირცხალიამ აღნიშნა, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ მიეცა შანსი, სრულყოფილად ჩართულიყო საპარლამენტო საქმიანობაში, თუმცა მისი თქმით, პარტიის წევრები „დესტრუქციული ქმედებით“ გამოირჩეოდნენ.

„მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი ე.წ. პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება „გახარია საქართველოსთვის“. აქ შეიძლება გაჩნდეს ახლა კითხვები, რატომ მაშინ არა, როდესაც ის პარტიები იყო მოხსენიებული იმ სარჩელში, რომელი სარჩელიც დღეს უკვე არის საკონსტიტუციო სასამართლოში და ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი - ყველას კარგად გვახსოვს მათი გეგმები, როცა აპირებდნენ პარლამენტში შემოსვლას, შემდეგ მათი მანდატების ცნობა. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ მათ მივეცით შანსი, რომ რეალურად ჩართულიყვნენ საპარლამენტო ცხოვრებაში, მიუხედავად მათი წარსულისა და პირდაპირი კოალიციისა „კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“. მაგრამ ნახეთ პირდაპირი, უხეში და თავხედური არაღიარება კონსტიტუციური წყობილებისა ჩვენს ქვეყანაში, ამის ირგვლივ კი უამრავი მათი დესტრუქციული ქმედება პარლამენტს შიგნით თუ მათ კომენტარებში.

ჩვენი საზოგადოებისთვის არ არის ახალი ის, თუ რა ძალას წარმოადგენენ ისინი, ვის ძალას წარმოადგენენ. არ აქვს ფერსა და ნომერს მნიშვნელობა, როდესაც ემსახურები იმ მზაკვრულ იდეას, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აგენტურული ქსელი ემსახურებოდა. ეს ჩვენთვის, პირადად ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატის ტოლფასია.

ამ სარჩელის პირობებში ჩვენ არ გვაქვს მოთხოვნილი მანდატების შეწყვეტა დეპუტატებზე პარლამენტსა თუ საკრებულოებში. სარჩელი შედგენილია ძალიან ბევრი უტყუარი ფაქტით“, - განაცხადა კირცხალიამ.