ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს „საზღვარგარეთ სამხედრო ოპერაციებში“ მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა, - ინფორმაციას Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიმ ჩენ ინმა ქვეყნის დაარსების 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მუშებსა და ჯარისკაცებს სახელმწიფოს განვითარებისთვის შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ასევე, კიმ ჩენ ინმა განსაკუთრებული მადლობა გამოხატა იმ მეთაურებისა და სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, რომლებიც „საზღვარგარეთ სამხედრო ოპერაციებში“ მონაწილეობენ.
როგორც Reuters-ი წერს, ჩრდილოეთ კორეამ 2024 წლის ბოლოდან დღემდე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს საბრძოლველად 14000-15000 ჯარისკაცი გაგზავნა. სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, მათგან დაახლოებით 6000 ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა.