ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე - დასავლეთის სანქციებით ვამაყობ - ეს სანქციები ჩემთვის სიმართლისთვის მიღებულ ორდენს ჰგავს - Palitra News

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე - დასავლეთის სანქციებით ვამაყობ - ეს სანქციები ჩემთვის სიმართლისთვის მიღებულ ორდენს ჰგავს

2026-09-09 13:36:35+04:00

დასავლეთის სანქციებით ვამაყობ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსულ სახელმწიფო გამოცემა TASS-ს განუცხადა.

„ჩემი მთავარი პრინციპი ყოველთვის ერთი რამ იყო: სამართლიანობა, წესრიგი და დისციპლინა. სწორედ სიმართლის სიყვარულის, მტკიცე პატრიოტული პოზიციისა და დასავლეთის წესებით თამაშზე უარის თქმის გამო უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ მოვხვდი. აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების სიებში ორჯერ შემიყვანეს. თუმცა, ეს სანქციები ჩემთვის სიმართლისთვის მიღებულ ორდენს ჰგავს“, - განაცხადა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ.

მისი თქმით, „2025 წლის 9 მაისს, აღლუმზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევის შემდეგ, მოხალისეთა კორპუსის „არბატის“ შემადგენლობაში სამხედრო სამსახურის დაწყება გადაწყვიტა“.

„ხოლო, „არბატში“ სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ მე და ჩემმა თანამოაზრეებმა ინტერნაციონალური მოხალისეთა ქვედანაყოფის „გეორგიევსკის“ შექმნა გადავწყვიტეთ“, - აღნიშნა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა. რომანოვ-ფარცხალაძის განცხადებით, ქვედანაყოფის სახელწოდება გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, „რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში“.

ასევე, ფარცხალაძის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს ბრძოლის გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო.