ირაკლი კობახიძე მისი შესაძლო გადადგომის შესახებ კითხვაზე - 3 თვეში ერთხელ ისმევა ხოლმე ეს კითხვა, ველოდები, რომ 3 თვეში კიდევ ერთხელ დამისვამთ - რაც შეეხება ზურაბ პატარიძის შესახებ ინფორმაციას, ეს არის მარტივი „ჩორტაობა“ - Palitra News

ირაკლი კობახიძე მისი შესაძლო გადადგომის შესახებ კითხვაზე - 3 თვეში ერთხელ ისმევა ხოლმე ეს კითხვა, ველოდები, რომ 3 თვეში კიდევ ერთხელ დამისვამთ - რაც შეეხება ზურაბ პატარიძის შესახებ ინფორმაციას, ეს არის მარტივი „ჩორტაობა“

2026-09-07 12:50:12+04:00

3 თვეში ერთხელ ისმევა ხოლმე ეს კითხვა. ერთ რამეს ველოდები, რომ 3 თვეში კიდევ ერთხელ დასვამთ ამ კითხვას, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მისი თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ დასმულ კითხვას.

ამასთან, კობახიძემ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიმდინარე პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას საკუთარ გუნდთან ერთად, წელიწადი და 5 თვე დასჭირდა, რომ „სისტემის იმ პრობლემებისგან გაწმენდა მოეხერხებინა, რომელიც დაგროვილი იყო“.

„არ მინდა ამ სიღრმეში შევიდე, ერთ რამეს ვიტყვი მხოლოდ, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დავიკავე, თქვენ იცით, რომ ძალიან მკაფიო მინიშნება იყო ბიძინა ივანიშვილისგან კორუფციასთან დაკავშირებით. წელიწადი და 5 თვე დამჭირდა გუნდთან ერთად და კიდევ ერთხელ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, აღმოგვეფხვრა ის პრობლემები, რომლებიც იყო დაკავშირებული მართვის სისტემასთან. წელიწადი და 5 თვე დაგვჭირდა პირადად მეც, მთლიანად გუნდს იმისათვის, რომ დაგროვილი პრობლემები აღმოგვეფხვრა. მეტ კომენტარს ამასთან დაკავშირებით არ გავაკეთებ. ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ პრობლემებზე, ჩვენ დავინახეთ კონკრეტული პრობლემები. წელიწადი და 5 თვე დამჭირდა იმისათვის, რომ მართვის სისტემაში არსებული პრინციპული პრობლემები აღმოგვეფხვრა, ეს გააკეთა გუნდმა, ამასთან დაკავშირებით იყო ბიძინა ივანიშვილის მითითება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ მივიღეთ, როგორც მთავარი ხაზი და ეს ხაზი ბოლომდე გავატარეთ. წელიწადში და 5 თვეში მთლიანად მოვახერხეთ სისტემის იმ პრობლემებისგან გაწმენდა, რომელიც დაგროვილი იყო“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, მაშინ, როცა ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი იყო, თავად კობახიძე კი მაკონტროლებელ ორგანოში - პარლამენტში, რატომ არ აკონტროლებდა მთავრობას კორუფციის კუთხით დანაშაულის თვალსაზრისით, პრემიერმა აღნიშნა, რომ მაშინ სხვა რესურსი ჰქონდა.

„რა თქმა უნდა, პარლამენტიდან გაქვს სხვა რესურსი და როცა უშუალოდ მართავ სისტემას, სხვა რესურსი გაქვს. იმ პირობებშიც კი, როცა მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობა მეკავა, წელიწადი და 5 თვე დამჭირდა და დაგვჭირდა გუნდს იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილის მითითებით მთლიანად გაგვეთავისუფლებინა სისტემა პრინციპული პრობლემებისგან“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუკი კორუფციას ხედავდა, ბიძინა ივანიშვილის მითითების გარეშე რატომ არ ებრძოდა, კობახიძემ ასე უპასუხა:

„მე უბრალოდ ხაზს ვუსვამ იმას, თუ ვინ იყო მთავარი მინიშნების ავტორი. პარტიის ყრილობაზე გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი, მან გააკეთა ერთ-ერთი უმთავრესი მინიშნება, რაც კორუფციას უკავშირდებოდა, ერთ თვეში პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დავიკავე და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა მოახერხა სისტემა პრინციპულად გაეთავისუფლებინა იმ პრობლემებისგან, რომელიც დაგროვილი იყო. თუმცა, არათუ პარლამენტიდან, მთავრობის მეთაურის პოზიციიდანაც კი, წელიწადი და 5 თვე დამჭირდა, იმისათვის რომ სისტემა პრინციპული პრობლემებისგან გამეთავისუფლებინა“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა სამთავრობო ცვლილებები და ხომ არ აპირებს, მდინარაძის მსგავსად თანამდებობიდან წასვლას, პრემიერმა აღნიშნა: „3 თვეში ერთხელ ისმევა ხოლმე ეს კითხვა. ერთ რამეს ველოდები, რომ 3 თვეში კიდევ ერთხელ დასვამთ ამ კითხვას“, - აცხადებს კობახიძე.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის პოსტი ზურაბ პატარიძემ დაიკავოს, კობახიძე ამას „ჩორტაობას“ უწოდებს და იქვე დასძენს, რომ კითხვის დამსმელი „ჩორტაობს“.

„ეს არის მარტივი „ჩორტაობა“ რა თქმა უნდა...“, - განაცხადა კობახიძემ, რასთან დაკავშირებითაც მას ჟურნალისტმა უპასუხა, რომ რუსული ტერმინებით საუბარი სწორი არ არის.

„ჩორტაობა“ ჟარგონია და არა რუსული ტერმინი... მე ჩემს თავზე ვარ პასუხისმგებელი. 3 თვეში ერთხელ ისმევა ეს კითხვა. ველოდები, რომ 3 თვეში კიდევ ერთხელ დასვამთ ამ კითხვას“, - განაცხადა კობახიძემ.