მედია - რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა - Palitra News

მედია - რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

2026-09-06 11:43:32+04:00

რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე 6 სექტემბრის ღამეს დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რიაზანის ოლქის გუბერნატორმა, პაველ მალკოვმა რეგიონზე დრონებით თავდასხმა დაადასტურა და განაცხადა, რომ ერთ-ერთ საწარმოში ხანძარი გაჩნდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ობიექტს გულისხმობდა.

ონლაინ გამოცემა ASTRA-ს ჟურნალისტებმა, ფოტო და ვიდეო ანალიზის გამოყენებით, დაადგინეს, რომ თავდასხმა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა.

უკრაინულმა „ტელეგრამ“ არხმა „Exilenova+“-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე წარმატებული დარტყმა განხორციელდა.

უკრაინული მედია წერს, რომ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის და რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. მისი სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 17 მილიონი ტონა ნავთობია.