კრივი-რიჰის და კიევის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმებით, რუსეთი აგრძელებს და აძლიერებს თავისი აგრესიის დანაშაულს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული ორმაგი დარტყმის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.
„მასთან ჩვენი შეშფოთება და ემოცია გამოვხატე. კიევის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმებით, რუსეთი აგრძელებს და აძლიერებს თავისი აგრესიის დანაშაულს. მშვიდობიანი მოსახლეობის სისტემატურად მიზანში ამოღებით, დაშინებისა და ესკალაციის არჩევით, რუსეთი, სავარაუდოდ, ძალის დემონსტრირებას ცდილობს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, სისუსტის აღიარებას ავლენს“, - წერს მაკრონი.
მისი თქმით, ამ კონტექსტში, უმნიშვნელოვანესია უკრაინისთვის ყველა საჭირო საშუალების მიწოდება მისი ცის დასაცავად და ამ აგრესიის შესაჩერებლად.
„პრეზიდენტ ზელენსკის ვაცნობე ჩვენი მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ, რაკეტების ჩამჭრელი რაკეტების მიწოდებით და თანამშრომლობის გაგრძელებით, გასული წლის 13 ივლისს პარიზში გამართული ანტისარაკეტო კოალიციის შეხვედრისა და 2025 წლის 17 ნოემბერს ხელმოწერილი განზრახვის წერილის შემდეგ. აუცილებელია, რომ ამ ძალისხმევას შეუერთდეს ყველა ქვეყანა, რომელსაც შესაძლებლობები გააჩნია“, - აცხადებს მაკრონი.
მისი თქმით, აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის გაზრდა.
„უნდა გავაგრძელოთ რუსეთზე ზეწოლის გაზრდა იქამდე, ვიდრე ის უარს იტყვის საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და მშვიდობაზე. ასევე, ორშაბათს დაგეგმილი მსურველთა კოალიციის შეხვედრის გათვალისწინებით, შევაფასეთ ჩვენი მობილიზაცია იმ მშვიდობის მისაღწევად, რომლისკენაც უკრაინელი ხალხი ლეგიტიმურად მიისწრაფვის, მისი უფლებების პატივისცემით და უკრაინისა და ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების გარანტიით. რუსეთი ცდილობს უკრაინის დაშლას ტერორის გზით: ის წარმატებას ვერ მიაღწევს. უკრაინის გვერდით გაერთიანებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ კანონი და სამართლიანობა ძალაზე მაღლა დადგეს“, - წერს მაკრონი.