შალვა კერესელიძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე - ვთვლით, რომ ეს არის ორი კორუმპირებული ადამიანის პირადი უთანხმოების საკითხი და ძალიან უმნიშვნელო პრობლემად მიგვაჩნია - რაც შეეხება ბრძოლას, დაველოდოთ, რას გულისხმობს ამაში - Palitra News

შალვა კერესელიძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე - ვთვლით, რომ ეს არის ორი კორუმპირებული ადამიანის პირადი უთანხმოების საკითხი და ძალიან უმნიშვნელო პრობლემად მიგვაჩნია - რაც შეეხება ბრძოლას, დაველოდოთ, რას გულისხმობს ამაში

2026-08-19 14:31:57+04:00

ვთვლით, რომ ეს არის ორი კორუმპირებული ადამიანის პირადი უთანხმოების საკითხი. რაც შეეხება ბრძოლას, დაველოდოთ, რას გულისხმობს ამ ბრძოლის გაგრძელებაში,- ასე შეაფასა „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა კერესელიძემ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადება.

როგორც კერესელიძემ აღნიშნა, მამუკა მდინარაძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის არსებული პირადი დაპირისპირება პოლიტიკურად საინტერესო არ არის და არც ყოფილი პრემიერის შემდგომი მოქმედების სჯერა.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არაფერია, ძალიან უმნიშვნელო პრობლემად მიგვაჩნია და მეტსაც გეტყვით, რომ ორ ადამიანს შორის პირადი დაპირისპირების საკითხს უფრო ჰგავს. თუმცა რაც გუშინ ღარიბაშვილმა თქვა, რომ მე გადავწყვიტე, რომ განვაგრძო ბრძოლაო, დაველოდოთ რას გულისხმობს ამ ბრძოლაში და ვისთან გულისხმობს ბრძოლის გაგრძელებას - მდინარაძესთან, „ქართლ ოცნებასთან“, გუნდთან. ორ ადამიანს შორის ვგულისხმობ მდინარაძესა და ღარიბაშვილს, რა თქმა უნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ის კორუფციული ბრალდებით არ ზის ღარიბაშვილი და ზის კანონიერად მიღებული შემოსავლების არადეკლარირების ბრალდებით, მაინც მგონია, რომ ეს წერილი, რაც გამოაქვეყნა, არის ორ ადამიანს შორის პირადი დაპირისპირება და საერთო ჯამში, ჩვენთვის პოლიტიკურად არანაირად მნიშვნელოვანი საკითხი არ არის.

მდინარაძე, ბუნებრივია, უარყოფდა ამ ფაქტს, რაც ღარიბაშვილმა თქვა, იმიტომ, რომ რაც მდინარაძემ თქვა, იმას უარყოფს ღარიბაშვილი. ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესო და მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ვთვლით, რომ ეს არის ორი კორუმპირებული ადამიანის პირადი უთანხმოების საკითხი. რაც შეეხება ბრძოლას, დაველოდოთ, რას გულისხმობს ამ ბრძოლის გაგრძელებაში. მე არაფრის მოლოდინი არ მაქვს, სიმართლე გითხრათ, იმიტომ, რომ ღარიბაშვილს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, თუმცა დაველოდოთ“, - განაცხადა კერესელიძემ.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობს, რომ ე.წ. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის მთავარი მიზანი მისი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება იყო.

როგორც ღარიბაშვილი თავის გზავნილში წერს, მას სხვა გზა აღარ დარჩა და იძულებულია, ბრძოლა დაიწყოს.

„საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებული ე.წ. “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა. სწორედ ამ მიზნით, მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები.

სამწუხაროდ, სანაცვლოდ მივიღე დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა. საზოგადოებას ჩემგან არცერთი სიტყვა არ სმენია მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე სრული მოთმინებით მივიღე ეს განსაცდელი.

მაგრამ ჩემთვის მოულოდნელად, ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ. იმავე დღეს, მე მას გავაგებინე ჩემი პოზიცია, კიდევ ერთხელ დავუფიქსირე, რომ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას და აღნიშნული “რისკის” გადაზღვევის მიზნით შევთავაზე ჩემი ხედვა. მაგრამ მათ საპასუხოდ შემომითვალეს, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ მე პოლიტიკაში დავბრუნდებოდი და ამისთვის აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და ჩემ მიერ მისი აღიარება.

ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადამადგმევინა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაბიჯი. შესაბამისად, რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა...“, - ნათქვამია წერილში.