გიორგი შარაშიძე - მიუხედავად იმისა, რომ არავის ეპარება ეჭვი ღარიბაშვილის კორუფციონერობაში, მის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ და მხოლოდ, „ოცნების“ შიდა დაპირისპირებაა - Palitra News

გიორგი შარაშიძე - მიუხედავად იმისა, რომ არავის ეპარება ეჭვი ღარიბაშვილის კორუფციონერობაში, მის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ და მხოლოდ, „ოცნების“ შიდა დაპირისპირებაა

2026-08-18 14:15:02+04:00

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილი „ქართულ ოცნებაში“ არსებული „კლანური დაპირისპირების გაგრძელებაა“.

შარაშიძის თქმით, დამატებით ვერაფერს ისაუბრებს იქამდე, ვიდრე თავად ირაკლი ღარიბაშვილი არ გამოაქვეყნებს იმ წერილს, რომლის გამოქვეყნებაზეც მან გუშინ, ციხიდან გამოგზავნილ წერილშივე ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ არავის ეპარება ეჭვი ღარიბაშვილის კორუფციონერობაში, მის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ და მხოლოდ, „ოცნების“ შიდა დაპირისპირებაა და მეტი არაფერი, როგორც ჩანს, ახლაც არის ამ კლანური დაპირისპირების გაგრძელება. სხვა დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ, სანამ თავად ღარიბაშვილი თავის დაპირებულ წერილს არ გამოაქვეყნებს ან სხვა ფორმით არ მოგვაწვდის ინფორმაციას, რეალურად, რას გულისხმობს ამ ყველაფერში. დაველოდოთ, ვნახოთ დამატებით კომენტარს მას შემდეგ გავაკეთებთ, როცა ბატონი ღარიბაშვილი შეასრულებს თავის დანაპირებს,“ - განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, 18 აგვისტოს ვრცელ წერილს გაავრცელებს.

„ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!“ - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.