არ მგონია, რომ რაღაც გმირობის აქტს შეიძლება ჰქონდეს მისი მხრიდან ადგილი თუმცა, როგორც ჩანს, რაღაც საგანგაშოა, რადგან მის ოჯახს ეხება საქმე და ამ დროს მკაფიოობა არის ყველაზე დიდი თავდაცვის საშუალება მისი და მისი ოჯახის მხრიდანაც , - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის სოციალურ ქსელში განთავსებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“.
მისივე თქმით, პარტიაში მიმდინარე შიდა დაპირისპირებები საკმაოდ თვალსაჩინოა და ავტოკრატიული რეჟიმების დასრულების საწინდარი ყოველთვის მსგავსი პროცესებია.
„ჯერ-ჯერობით შეფასებების გაკეთება ვფიქრობ, ნაადრევია ფაქტია, რომ ეს წერილი ან პენიტენციურ დაწესებულებაში მას ან მის ოჯახის წევრს მიაწოდეს, სადაც ბიძინა ივანიშვილის სახელით გარკვეული ქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდებენ. ბევრად უფრო ნათელი გახდება საკითხი, როდესაც ხვალ თავად გაავრცელებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის მკაფიო გამოხატულება იმ შიდა გავლენიან ჯგუფებში კლანური დაპირისპირებისა, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ არის და ეს ყოველთვის არის იმის მანიშნებელი, რომ „ქართულ ოცნებაში“ დღეს ჯანსაღი ვითარება არ არის. არაა ისე, როგორც თავად აღიქვამენ და საუბრობენ, რომ ოპოზიციას ანადგურებენ მოწინავე ძალა არიან და კონკურენტი არ ჰყავთ. თქვენ ხედავთ, რომ შიდა არაჯანსაღი პროცესები პირდაპირი გამოხატულებაა იმის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და რაც თავად „ქართულ ოცნებაში“ ხდება ბევრად უფრო ნათელი უნდა გახდეს და ღარიბაშვილიც უფრო მკაფიო უნდა იყოს ამ თავის განცხადებაში. მე არ მგონია, რომ რაღაც გმირობის აქტს შეიძლება ჰქონდეს მისი მხრიდან ადგილი თუმცა, როგორც ჩანს, რაღაც საგანგაშოა, რადგან მის ოჯახს ეხება საქმე და ამ დროს მკაფიოობა არის ყველაზე დიდი თავდაცვის საშუალება მისი და მისი ოჯახის მხრიდანაც. თუმცა, აქამდე, რასაც ვისმენდით იყო „სთორები“ ბიძინა ოჯახის წევრებთან ერთად, სამადლობელი, მილოცვა და ა.შ.
ვნახოთ, ხვალ რა განცხადებას გააკეთებს ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საზოგადოება დაინტერესებულია იმ პროცესით, რაც ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო ვითარდება და იმ დაპირისპირებით, რომელიც ჯერ-ჯერობით იმალება, თუმცა ძალიან ცხადი ნიშნები არსებობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ძალიან არაჯანსაღი ვითარებაა. ყოველთვის ავტოკრატიული რეჟიმები შიდა დაპირისპირებით, ერთმანეთთან ბრძოლით ასრულებენ თავიანთ ხელისუფლებას. ეს არის მკაფიო გამოვლინებას ამ ყველაფრის“ - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ, 18 აგვისტოს ვრცელ წერილს გაავრცელებს.