„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის უნდა გახდეს ცნობილი, ვინ და რა საფუძვლით დაუშვა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დეტალებია დასადგენი, მათ შორის, რომელი ბიზნესსუბიექტის მეშვეობით მოხდა საწვავის შეტანა და ვინ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. მისივე შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული და რუსეთი საწვავის დეფიციტს განიცდის, აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდება შესაძლოა რუსული სამხედრო მანქანის ინტერესებს ემსახურებოდეს. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავი არა მთავრობამ, არამედ ბიზნესმა შეიტანა.