ილჰამ ალიევი - სომხეთის ატომური ელექტროსადგური ადრე თუ გვიან უნდა დაიხუროს - ეს სადგური მოძველებულია და მთელი რეგიონისთვის საფრთხის წყაროს წარმოადგენს - Palitra News

ილჰამ ალიევი - სომხეთის ატომური ელექტროსადგური ადრე თუ გვიან უნდა დაიხუროს - ეს სადგური მოძველებულია და მთელი რეგიონისთვის საფრთხის წყაროს წარმოადგენს

2026-08-12 14:41:15+04:00

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, განცხადებით, სომხეთის ენერგიის მთავარი წყარო ამჟამად ატომური ელექტროსადგურია, რომელიც მოძველებულია და მთელი რეგიონისთვის საფრთხის წყაროა.

ალიევმა აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სპეციალისტებმა TRIPP პროექტის ფარგლებში უკვე ჩაატარეს ანალიზი სომხეთის ტერიტორიაზე და გამოავლინეს ის ადგილებიც კი, სადაც შესაძლებელია ელექტროგადამცემი ბოძების დამონტაჟება.

„ჩვენი სპეციალისტების მიერ სომხეთის ტერიტორიაზე ჩატარებული ანალიზის შედეგად, განისაზღვრა ის ადგილებიც კი, სადაც კონკრეტულად უნდა დამონტაჟდეს ელექტროგადამცემი ბოძები. იმედი მაქვს, რომ სომხური მხარეც არ გააჭიანურებს ამ საკითხის გადაწყვეტას. ვინაიდან ეს, პირველ რიგში, შესაძლოა, თავად მათ დასჭირდეთ, რადგან ამჟამად მათი ენერგიის ძირითადი წყარო ატომური ელექტროსადგურია, რომლის მართვაც მათ ხელში არ არის - ეს ერთი მხრივ. მეორე მხრივ, ეს სადგური მოძველებულია და მთელი რეგიონისთვის საფრთხის წყაროს წარმოადგენს“, - აღნიშნა ალიევმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანსა და თურქეთს ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ გამოუთქვამთ შეშფოთება სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე.

„ამ სადგურის ექსპლუატაციის ვადის გაგრძელება უსასრულოდ ვერ მოხდება - ადრე თუ გვიან ის უნდა დაიხუროს. ბუნებრივია, თუ ის დაიხურება, სომხეთი სრულად აღმოჩნდება ენერგეტიკული კრიზისის წინაშე. ამიტომ, როგორც ამბობენ, დამატებითი ენერგიის წყაროს არსებობა მხოლოდ სასარგებლო შეიძლება იყოს“, - აღნიშნა ალიევმა.