ევროკავშირი 2025 წელს მუდმივად მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეეჩერებინა დემოკრატიული უკუსვლის კურსი დაგაეუქმებინა რეპრესიული კანონმდებლობა, - ნათქვამია მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის 2025 წლის ანგარიშში.
„ევროკავშირი მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაეტარებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპებისა და კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესაბამისად. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა მოქალაქეთა ადამიანის უფლებების დაცვისა და პატივისცემისკენ, მათ შორის, სამართლიანი სასამართლოს უფლების, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის უზრუნველყოფისკენ, ასევე, თვითნებურად დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამ 2025 წლის დეკემბერში აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები კანდიდატი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მოლოდინებს არ აკმაყოფილებს; ასევე, 2025 წელს ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან საქართველოს შესაბამისობის შეფასებას განაგრძობდა.
„2025 წლის დეკემბერში ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ მმართველობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში ნაბიჯი უკან გადადგა და ამ კრიტერიუმებს კვლავ არღვევს. ევროკომისიამ ვიზების შეჩერების ახალი მექანიზმის ფარგლებში დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების პროცედურა დაიწყო“, - აღნიშნულია ანგარიშში.