ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს.
აღნიშნულის შესახებ ყოფილი გენერალური პროკურორის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძისთვის წარდგენილი ბრალდება აბსურდულია.
“წარდგენილი ბრალდება ბრალმდებლის ილუზიაა, რომელიც საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. ბრალდების აბსურდულობას 36 ტომი მეტყველებს. ბრალდება დაუსაბუთებელი და აბსურდულია”, - განაცხადა მოსიაშვილმა.
იქამდე კი, სასამართლო პროცესზე, ვინაიდან ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ძებნაშია და მისი მონაწილეობის გარეშე ტარდება სხდომა, პროკურორ ლევან ვეფხვაძემ განმარტა, რომ რომანოვ-ფარცხალაძე ძებნაშია, შესაბამისად, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ადვოკატ გაგი მოსიაშვილის თქმით, ყოფილი გენერალური პროკურორი ძებნაში კი არ იმყოფება, არამედ იმყოფება იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეცაა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის დასწრების გარეშე გაგრძელდა, ვინაიდან “ის ძებნაშია”.
ცნობისთვის, გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
ამავე საქმის ფარგლებში მსჯავრდებულია 4 პირი - გელა უძილაური, დავით და გიორგი მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე, ყველა მათგანს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25-109 მუხლის "ნ" ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობდა. გიორგი ჯოხაძეს ასევე, ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენას, შენახვასა და გასაღებას გულისხმობდა.
რაც შეეხება გელა უძილაურს, ის ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვისაა მსჯავრდებული.