კობახიძე, როგორც რუსეთის ყურმოჭრილი მონა, ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც ეხმაურება ირაკლი კობახიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას, სადაც 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყანაში „რუსოფობიის“ ხარისხზე საუბრობს.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ გეგელიამ განაცხადა, რომ დღეს ამ ქვეყნის პრემიერ - მინისტრი პირველ რიგში რუსულ აგრესიაზე უნდა საუბრობდეს.
„ეს არ არის დიდი სიახლე, კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით. ახლაც მოდის ეს უმძიმესი, ძალიან მაღალი მგრძნობელობის დღეები ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა პატრიოტი ქართველისთვის და ჩვენ ვხედავთ, რომ კობახიძე, როგორც რუსეთის ყურმოჭრილი მონა, არის ფორმაში და კიდევ ერთხელ შემოაქვს თემა პროვოკაციულად. რას უნდა აკეთებდეს დღეს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ადამიანი, რომელსაც აქ ქვეყნის ბედი აბარია? პირველ რიგში უნდა საუბრობდეს რუსულ აგრესიაზე, იმაზე, რომ საქართველო იყო პირველი ჯაჭვში, რაც შემდეგ ვიხილეთ. კობახიძე და მისნაირი რუსები საქართველოს აბრალებენ ხოლმე, რაც 2008 წელს მოხდა. მაშინ, როდესაც მთელმა მსოფლიომ გაიაზრა, რომ საქართველო იყო პირველი საპილოტე პროექტი რუსული ახალი თაობის იმპერიალიზმისა და შემდეგ ეს გაგრძელდა 2014 წელს ყირიმში და 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის სახით. კობახიძე ამაზე უნდა რეფლექსირებდეს, ამაზე საუბრობდეს და რაიმეს აკეთებდეს, რომ ქართული ჯარი და უსაფრთხოება გააძლიეროს“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
გრიგოლ გეგელიას განცხადებით, რუსეთი რუს ტურისტებს იყენებს პროვოკაციისთვის, ხოლო „ქართული ოცნება“ შემდეგ ამ ფაქტს „რუსული შინაარსით კომენტირებს“.
„ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება დამთავრდება ცუდად. ახლა პროვოკაციის საფუძველი აქვს რუსულ დაზვერვას. ამ ხალხს იყენებს პროვოკაციისთვის და ოფიციალურ ფილიალი, სახელად „ქართული ოცნება“ იყენებს იმისთვის, რომ ამაზე რუსული შინაარსით ილაპარაკოს, ვითომ ეთნიკურ ნიადაგზეა შუღლი. კობახიძე, ეს რუსის აგენტი როგორ იქცევა, ყველა დააკვირდეს, რუსებმა შემოიყვანეს აგენტები, რომ აქ პრობლემები შეგვქმნოდა და ეს კომენტირებს, მერე მას ციტირებს ზახაროვა და ლავროვი. ეს არის რუსული დაზვერვის სპეცოპერაცია“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.