გიორგი შარაშიძე - „ოცნებას“ უნდა პატრიოტიზმისა და ეკლესიის დაცვის სახელით გააგრძელოს ძალადობა ადამიანებზე - შექმნილი დაჯგუფებები კომიკურად იქცა და გადავიდნენ საკანონმდებლო თემაზე, მაგრამ ეს ისევ ტერორი და ცენზურაა - Palitra News

გიორგი შარაშიძე - „ოცნებას“ უნდა პატრიოტიზმისა და ეკლესიის დაცვის სახელით გააგრძელოს ძალადობა ადამიანებზე - შექმნილი დაჯგუფებები კომიკურად იქცა და გადავიდნენ საკანონმდებლო თემაზე, მაგრამ ეს ისევ ტერორი და ცენზურაა

2026-08-03 22:06:45+04:00

„ქართულ ოცნებაში“ აქვთ ძალიან მზაკვრული გათვლა - აიღონ ექსკლუზივი პატრიოტულ თემებზე. ყველაფერი ამას ემსახურება, სხვა ყველა დანარჩენი აღმოჩნდეს ის, ვინც ებრძვის საქართველოს იდენტობას, ტრადიციებს, ეკლესიას , - ასე აფასებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი შარაშიძე ინიციატივას, რომელიც ქართული იდენტობის, ეროვნულ ერთობისა და სამოქალაქო მშვიდობის დასაცავად შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ითვალისწინებს.

როგორც შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ქართული იდენტობის, ეროვნული ერთობისა და სამოქალაქო მშვიდობის დაცვის მიზნით საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბარი ხელისუფლების მიერ ცრუ პატრიოტიზმის გამოყენებისა და ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობაა.

მისივე შეფასებით, ინიციატივის მიზანია, ხელისუფლებამ პატრიოტულ თემებზე „ექსკლუზივი“ მოიპოვოს, ხოლო მეორე მხარეს მყოფები - საქართველოს იდენტობის, ტრადიციებისა და ეკლესიის მოწინააღმდეგეებად წარმოაჩინოს.

„ის დაჯგუფება [MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაფუძნებული მოძრაობა - „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის“ მოძრაობა] კომიკურად რომ იქცა, როგორც ჩანს, მალევე მიხვდნენ. ამ ძალადობრივ გზას არანაირი პერსპექტივა რომ არ ექნებოდა თავისი კომიკურობის გამო, ახლა გადავიდნენ საკანონმდებლო თემაზე, ოღონდ ახლა კულტურის მუშაკები შემოიყვანეს ამ საკითხში. ნათლად ჩანს, რომ ეს არის ისევ ტერორი, ცენზურა და არაფერი სხვა. ისევ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა და რაც ყველაზე საშიშია, ამისთვის ცრუ პატრიოტიზმის გამოყენება.

ურა პატრიოტი, ამ ქვეყნის მოღალატე, ვინც კონსტიტუცია თავზე გადაგვახია, ანუ ვინც ღალატობს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ასეთი მოღალატე ვერასდროს გახდება პატრიოტი. ვერც ურწმუნო, სხვა ადამიანის მჩაგვრელი, ქრისტიანული მორალის დამრღვევი ვერ გახდება ქრისტიანული რელიგიის დამცველი რამდენ მეტრიანი სანთელიც არ უნდა ეჭიროს ხელში ეკლესიაში კამერების თანდასწრებით. ვერც ის კაცები გახდებიან ვაჟკაცობის სიმბოლოები, რომლებიც 3-1-ზე და 5-20-ზე ძალადობენ პარლამენტში და ქუჩაში. ამიტომ, მათი შემოტანილი: კაცობაც, ვაჟკაცობას, პატრიოტიზმიც და სარწმუნოებაც არის ცრუ და ფსევდო“ ,- განაცხადა შარაშიძემ.

როგორც შარაშიძემ განაცხადა, ხუთჯვრიანი დროშისა და ეროვნული სიმბოლოების გამოყენებით მიმდინარეობს მცდელობა, შეიქმნას წარმოდგენა, თითქოს მხოლოდ ერთი ჯგუფი იცავს ქართულ იდენტობასა და ტრადიციებს.

მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური გათვლა,თუმცა, მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ „მორიგი ფარსი“ არ გამოუვა.

„მათ უნდათ ქართველობის და ტრადიციების დასაცავი დროშა აფრიალონ, ხუთჯვრიანი დროშა, გახდნენ ვითომ ჯვაროსნები და ვინც ამას შეეწინააღმდეგება, ისინი გამოვიდნენ ტრადიციების მოწინააღმდეგეები. ეს არის მათი გათვლა. მათ აქვთ ძალიან მზაკვრული გათვლა - აიღონ ექსკლუზივი პატრიოტულ თემებზე. ყველაფერი ამას ემსახურება. სხვა ყველა დანარჩენი აღმოჩნდეს ისინი, ვინც ებრძვის საქართველოს იდენტობას, ტრადიციებს, ეკლესიას და თვითონ როგორ არიან ამ ყველაფრის დამცველები. სინამდვილე და რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია, როდესაც ეს ხალხი თავად არიან ისინი, ვინც ებრძვიან პატრიოტიზმს, ეკლესიას, უბრალოდ ფარისევლები არიან.

ახლა უნდათ პატრიოტიზმის და ჩვენი ეკლესიის დაცვის სახელით გააგრძელონ ძალადობა ადამიანებზე. ისინი არიან ის ხალხი, რომლებიც ჩვენს ტრადიციას, იდენტობას და ჩვენს კულტურას ებრძვიან. ასეთია „ოცნება“ და არ გაუვათ მათ მორიგი ფარსი“,- განაცხადა შარაშიძემ.