უკრაინასთან Patriot-ის რაკეტების ერთობლივი წარმოების შესახებ შეთანხმება ზამთრამდე არ გაფორმდება , - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა.
მეთიუ უიტაკერის ცნობით, უკრაინასთან და ევროპელ პარტნიორებთან Patriot-ის სისტემების ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების ერთობლივი წარმოების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„არსებობს ერთობლივი წარმოების შესაძლებლობები, რომელთა განხორციელებაც უკრაინელებთან და ევროპელებთან ერთად შეგვიძლია, რათა სამრეწველო ბაზა გავაფართოოთ და უკრაინისა და ევროპის თავდაცვას მხარი დავუჭიროთ“, - განაცხადა უიტაკერმა.
მისი თქმით, ახლა მთავარია, რომ უკრაინამ საჰაერო თავდაცვის საშუალებები ზამთრამდე მიიღოს.
„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას კიდევ ერთი ზამთრის გადასატანად საჭირო საჰაერო თავდაცვის საშუალებები რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ, იქნება ეს იმ მოკავშირეებისგან, რომლებსაც რაკეტების ჭარბი მარაგი აქვთ, თუ ჩვენს ქარხნებში წარმოების გაზრდის გზით“, - აღნიშნა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.