თუ რაიმე საფრთხეს უქმნის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ , იაფფასიანი მანიპულაციებია, რომელსაც, როგორც ჩანს, იმ რამდენიმე კონკრეტულმა პირმა მიმართა, რომლებიც 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევაზე იყვნენ პასუხისმგებლები, - ამის შესხებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
თინა ბოკუჩავას პასუხი მოჰყვა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირი მინიშნებებით ვერანაირ საბაბს და მიზეზს ვერავინ მისცემს, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ რეგისტრაციაში არ გაატარონ და თქვა, რომ ძალიან სამწუხაროა, თუ თინა ბოკუჩავამ საკუთარ პარტიასთან ბრძოლის ეს გზა აირჩია. ცისკარიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ეჭვი აქვს, ქართულ ოცნებას“ გაუხარდება „ამ მინიშნებებიდან გამომდინარე, დამატებით იქექონ ჩვენს საბუთებში“.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაუქმებისგან საერთაშორისო წნეხი აკავებს, რომლის შენარჩუნებაშიც ენმ-ის საგარეო გუნდმა, მათ შორის პირადად მან დიდი როლი ითამაშა და თუ რაიმე საფრთხეს უქმნის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არის "იაფფასიანი მანიპულაციები".
„ამ საკითხზე სამი რამ შემიძლია ვთქვა: ერთი, თუ რამე აკავებს ივანიშვილს, რომ არ გააუქმოს პოლიტიკური პარტიები და მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის საერთაშორისო წნეხი, საერთაშორისო მეგობრების მხრიდან. მეორე, თუ ვინმემ რამე გააკეთა იმისთვის, რომ ეს საერთაშორისო წნეხი შენარჩუნებულიყო და საქართველოს საერთაშორისო მეგობრებისთვის პარტიების გაუქმების საკითხი
იყოს ძალიან მკაფიო წითელი ხაზი, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო გუნდი და პირდაპირ ვიტყვი, მათ შორის პირადად მეც. მე გაცილებით უფრო კრიტიკულად ვუყურებ იმ ორ წელიწადს, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გავატარე, მაგრამ ამ საკითხში იმედია, არავინ შემედავება. მესამე, თუ რაიმე საფრთხეს უქმნის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არის ის იაფფასიანი მანიპულაციები, რომელსაც, როგორც ჩანს, იმ რამდენიმე კონკრეტულმა პირმა მიმართა, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევაზე”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ „ტვ პირველთან“.
შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას, რომელიც 30 ივლისს გაიმართა, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა არ ესწრებოდა. თინა ბოკუჩავამ 1-ელ აგვისტოს, "ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ 30 ივლისს ჩატარებული პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა უფლებამოსილი არ იყო, რადგან პოლიტსაბჭო 130 ადამიანისგან შედგება, სხდომას კი 40-მდე
ადამიანი ესწრებოდა. მისი თქმით, „კვორუმით მანიპულირება და პოსტ-ფაქტუმ ხელმოწერების შეგროვება და იმის მტკიცება, თითქოს კვორუმი სხდომაზე ფიზიკურად არ მყოფი და დისტანციურად ჩართული ადამიანებით შედგა, ძალიან ჰგავს იმ „ქოცურ“ მეთოდებს, რომლითაც ივანიშვილი ოპერირებს ბოლო 14 წლის განმავლობაში“.
თინა ბოკუჩავას ამ განცხადებას მოჰყვა " ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის კომენტარი თინა ბოკუჩავაზე მინიშნებით, რომ „ქართულ ოცნებას ვერანაირი მინიშნებებით ვერანაირ საბაბს და მიზეზს ვერავინ მისცემს, რომ პარტია ნაციონალური მოძრაობა რეგისტრაციაში არ გაატარონ". ასევე, ცისკარიშვილის თქმით, ძალიან სამწუხაროა, თუ თინა ბოკუჩავამ საკუთარ პარტიასთან ბრძოლის ეს გზა აირჩია. ცისკარიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ეჭვი აქვს, ქართულ ოცნებას“ გაუხარდება „ამ მინიშნებებიდან გამომდინარე, დამატებით იქექონ" პარტიის საბუთებში.
მანამდე, თინა ბოკუჩავა გააკრიტიკა "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ და აღნიშნა, რომ "თანამდებობის შენარჩუნების ასეთი უბადრუკი მცდელობა ნამდვილად პირველად ნახა" და დასძინა, რომ "როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, მიხეილ სააკაშვილის მოწოდება და ბრძოლა, ან პოლიტიკური საბჭოს სხდომა, ხოლო მთელი ენერგია პოლიტიკური საბჭოს სხდომის კვორუმის დათვლაზე იხარჯება, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს".