საქართველოში აშშ-ის საელჩო მთავრობის მიერ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ შექმნას კრიტიკულად აფასებს. დიპლომატიური მისიის პოზიციით, ახალი სტრუქტურა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკს ქმნის და დემოკრატიულ პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამ საკითხზე განმარტებას, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკეთებს. „ქართული ოცნების“ ერთერთი ლიდერის, თენგიზ შარმანაშვილის თქმით, საელჩომ კონკრეტულად უნდა განმარტოს, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით გამოთქვამს შეშფოთებას, მაშინ როცა მოქმედი კანონმდებლობა საჯარო შეურაცხყოფას კრძალავს.