ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა - Palitra News

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა

2026-07-27 21:06:47+04:00

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, - ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში წამოჭრილი პრობლემების შესახებ ისაუბრეს.

„პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ბაზარზე სომხური საქონლის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები ეწინააღმდეგება სომხეთ-რუსეთის სამართლებრივ ჩარჩოსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის რეგულაციებს და ამ პრობლემების მოსაგვარებელი ზომების მიღება მოითხოვა“, - წერს სომხური მედია.

ასევე, მედიის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ მიმდინარე წლის მაისში მიღებულ ერთობლივ განცხადებას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე სომხეთში რეფერენდუმის ჩატარებას ეხება.

„პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს წარადგენს“, - წერს მედია.