ვერაზე 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და სამი ადამიანის დაჭრის საქმეზე პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულ ნიკა კაპანაძის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ დედის ჩვენებას ეფუძნება და არცერთი ოფიციალური სამედიცინო დოკუმენტით არ დასტურდება. უწყების განმარტებით, ბრალდებულის მიმართ პოზიცია ყველა მიმართულებით უმკაცრესი იქნება. პროკურატურის ინფორმაციით, დედამ ძალადობის ფაქტი ოფიციალურად არ დაადასტურა, ხოლო იარაღი შენახვის უფლებით კანონიერად ჰქონდა რეგისტრირებული. ბრალდებულმა კი გამოძიებას ჩვენება არ მისცა. პროკურატურა აღნიშნავს, რომ ყველა მკვლელობის საქმეზე ფსიქიატრიული ექსპერტიზა სავალდებულოდ ტარდება, ხოლო გამოძიება სხვა შესაძლო პასუხისმგებელი პირების მიმართულებითაც გრძელდება.