ანა დოლიძე - ხელისუფლებას ერთი რაღაც ეშლება: ოპერატიულ გადაწყვეტილებებს იღებენ ადამიანები, რომლებსაც საქართველოს ძველი თუ ახალიც არ იციან, ვახო სანაია მოდის ოჯახიდან, სადაც ადამიანები დაღუპულან სიმართლისთვის, ეს ვიღაცებმა „ზევით“ უნდა გაითვალისწინონ - Palitra News

ანა დოლიძე - ხელისუფლებას ერთი რაღაც ეშლება: ოპერატიულ გადაწყვეტილებებს იღებენ ადამიანები, რომლებსაც საქართველოს ძველი თუ ახალიც არ იციან, ვახო სანაია მოდის ოჯახიდან, სადაც ადამიანები დაღუპულან სიმართლისთვის, ეს ვიღაცებმა „ზევით“ უნდა გაითვალისწინონ

2026-07-22 22:09:32+04:00

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, ხელისუფლება შეცდომას უშვებს და სათანადოდ ვერ აფასებს ვახო სანაიას ოჯახის ისტორიას.

დოლიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გამოეხმაურა ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას.

მისივე თქმით, ხელისუფლება სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკის ზედაპირულ კოპირებას ცდილობს.

„ჩემი სრული მხარდაჭერა ვახო სანაიას და მადლობა ამ გამბედაობისთვის. ხელისუფლებას ერთი რაღაც ეშლება, რეალურად უმეცარ ბიჭებთან გვაქვს საქმე. ოპერატიულ გადაწყვეტილებებს იღებენ ადამიანები, რომლებსაც საქართველოს ძველი თუ ახალიც არ იციან. ვახო სანაია მოდის ისეთი ოჯახიდან, სადაც ადამიანები დაღუპულან სიმართლისთვის. ეს არ არის ჩვეულებრივი ოჯახი. გავიხსენოთ გიორგი სანაია, ის იყო ჩემი ბავშვობის გმირი. ის სიმართლისათვის მოკლეს. ეს არის ოჯახი, გვარი ცოტა სხვანაირი ერთგულება აქვთ სიმართლესთან. ეს ვიღაცებმა „ზევით“ უნდა გაითვალისწინონ.

ხელოვნური ინტელექტის დონეზე უყურებენ, სხვაგან რა მოხდა, რომ უკმაყოფილება გაჩერდეს. მაგალითად ჩინეთში. ამ დონეზეა საუბარი. შეიძლება ზედაპირულად რაღაც გააჩერო. ამის იმედი აქვთ“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში შეურაცხყოფასთან დაკავშირებული დავები შესაბამისი სარჩელით უნდა წყდებოდეს და არა „ჩინოვნიკი“ წყვეტდეს, რომელიც „ზის და აჯარიმებს ადამიანებს“.

„სამართლებრივი მეთოდები დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთია: თუ მოგაყენეს შეურაცხყოფა მიდიხარ სასამართლოში, შეგაქვს სარჩელი, ამტკიცებ სიმართლეს. ეს გააკეთეს, მაგრამ ამ კანონის გამოყენებაც კი არ უნდათ ამ ზარმაცებს. უნდათ, რომ ჩინოვნიკი, რომელიც ჩვენი გადასახადებითაა დაფინანსებული, იჯდეს და ასე აჯარიმებდეს ადამიანებს“,- განაცხადა ანა დოლიძემ.