რუსეთის საფონდო ბირჟა 1997 წლის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივ ვარდნაშია - Palitra News

რუსეთის საფონდო ბირჟა 1997 წლის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივ ვარდნაშია

2026-07-21 13:49:31+04:00

რუსეთის საფონდო ბირჟა 1997 წლის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივ ვარდნაშია. მოსკოვის ბირჟის ინდექსი, რომელიც რუსეთის 46 უმსხვილესი კომპანიის აქციებს მოიცავს, 8.72%-ით, დაეცა, რაც 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამის შესახებ The Moscow Times წერს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ბაზრის ვარდნა ყველაზე მკვეთრი იყო 2022 წლის სექტემბრის იმ კვირის შემდეგ, როცა კრემლმა „ნაწილობრივი მობილიზება“ გამოაცხადა. რამდენიმე თვეში, კაპიტალიზაციის თითქმის, 30%-ის დაკარგვის შემდეგ, ბაზარი 10 წლის წინანდელ დონემდე დაეცა. ივლისის დასაწყისიდან „გაზპრომის“ აქციების ფასი 21%-ით, VTB-ის 21.1%-ით, „სურგუტნეფტეგაზის“ - 20.8%-ით, ხოლო „მაგნიტის“ ფასიანი ქაღალდები 19.6%-ით დაეცა. ასევე, „სევერსტალის“ აქციები შემცირდა 17%-ით, „ნორნიკელის“ 24%-ით, „აეროფლოტის“ 26.7%-ით. რუსეთის ოქროს მომპოვებელი უმსხვილესი კომპანიის, „პოლუსის“ აქციები ორ კვირაზე 53%-ით გაუფასურდა. ასევე, თვის დასაწყისიდან „სბერბანკისა“ და „როსნეფტის“ აქციები 10%-ით დაეცა. Kit Finance წერს, რომ ბაზარზე გავლენას ახდენს გეოპოლიტიკა, სანქციების საფრთხე და საწვავის კრიზისის გამო ცენტრალური ბანკის მიერ განაკვეთის გაზრდის მოლოდინი. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი. კერძოდ, ზოგიერთი მსხვილი ინვესტორი რუსულ აქტივებს სისტემატურად თავიდან იშორებს. Bloomberg-ის ცნობით, მილიარდერებს, მათ შორის, პუტინთან დაახლოებულ პირებს ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთიდან ფული აქტიურად გააქვთ, რდგან ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების, საბანკო სისტემაში არსებული პრობლემებისა და ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად მათი აქტივების კონფისკაციის ეშინიათ. რუსული R.Politik-ის შეფასებით, ელიტის ნაწილში მოახლოებული კატასტროფის განცდა იზრდება: რესურსები იწურება და სულ უფრო მეტი ბიზნესი არასიცოცხლისუნარიანი ხდება. R.Politik ვარაუდობს, რომ საწვავის კრიზისი, ფრონტის დანაკარგი და ეკონომიკური სირთულეები პუტინს შერიგების ნაცვლად ესკალაციისკენ უბიძგებს, ამიტომ იზრდება იმ სცენარების ალბათობა, რომლებიც ადრე “ბლეფად” იყო მიჩნეული. „ეკონომიკური კოლაფსი, რომელშიც ჩვენ ერთობლივად ვეშვებით, საფონდო ბირჟაზე მსხვერპლს მოითხოვს,“ - წერს რუსული Ivolga Capital. მისი ანალიტიკოსების მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა პრაქტიკულად შეჩერებულია და იანვარ-მაისის პერიოდში მხოლოდ 0.2% შეადგინა; ეცემა სამოქალაქო ინდუსტრიები, ხოლო ინვესტიციები 2009 წლის შემდეგ რეკორდულად შემცირდა. თვით მთავრობასთან დაახლოებული მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრიც ვარაუდობს, რომ რუსეთის ეკონომიკა ივლისში რეცესიაში შევა, რაც, მინიმუმ, ერთი წელი გაგრძელდება.