მხოლოდ 6 თვეში, თბილისში პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 95%-ით გაიზარდა - Palitra News

მხოლოდ 6 თვეში, თბილისში პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 95%-ით გაიზარდა

2026-07-21 13:48:13+04:00

მართალია ავტომობილების იმპორტი მცირდება, თუმცა დედაქალაქში უკვე იმდენი ავტომობილი გადაადგილდება, რომ მუნიციპალური სამსახური, ყოველ ჯერზე, პარკირების ჯარიმებით ახალ რეკორდებს ხსნის. მხოლოდ 6 თვეში, თბილისში პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 95%-ით გაიზარდა და 11 მლნ ლარს გადააჭარბა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, წელს იანვარ-ივნისში პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 11 193 937 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში კი, ეს მაჩვენებელი 6 მილიონსაც კი ვერ აღწევდა. რაც შეეხება 2025 წლის სრულ მაჩვენებელს, შარშან ბიუჯეტში ავტომობილის არასწორად გაჩერების გამო ჯამში, 17 527 091 ლარის ოდენობის ჯარიმა შევიდა. არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. მხოლოდ წელს 6 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 148 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, 2025 წელის ანალოგიურ პერიოდში კი ეს ნაჩვენებელი დაახლოებით 96 მილიონი ლარი იყო.