გიორგი შარაშიძე - „ოცნებასთან“ დიალოგი შესაძლებელი იქნება მაშინ, თუ დავანახებთ, რომ მისი ელექტორატი აღარ არის ძლიერი - რაც შეეხება თელავის ინციდენტს, სტუმარ-მასპინძლობასაც აქვს წითელი ხაზები, დღეს საქართველოში არსად იგრძნობა, რომ რუსეთი მტერია - Palitra News

გიორგი შარაშიძე - „ოცნებასთან“ დიალოგი შესაძლებელი იქნება მაშინ, თუ დავანახებთ, რომ მისი ელექტორატი აღარ არის ძლიერი - რაც შეეხება თელავის ინციდენტს, სტუმარ-მასპინძლობასაც აქვს წითელი ხაზები, დღეს საქართველოში არსად იგრძნობა, რომ რუსეთი მტერია

2026-07-20 22:20:07+04:00

ჩვენ თუ თელავის ინციდენტს, ფოტო-ვიდეო მასალიდან გამომდინარე, კარგად დავაკვირდებით, საერთოდ არ არის გამორიცხული, რომ ეს იყო პროვოცირებული და ორგანიზებული , - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ თელავში ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი შარაშიძის თქმით, მსგავსი პროვოკაციები რუსეთმა შეიძლება „მასშტაბური ჩარევისთვის“ გამოიყენოს.

„სანამ „ოცნება“ იქნება, რუსეთს შეიძლება დიდად ინტერესი არ ჰქონდეს, მაგრამ კაცმა არ იცის, როდის ჩათვლის ის საჭიროდ, რომ ნებისმიერი ასეთი პროვოკაცია გამოიყენოს სხვა მასშტაბის ჩარევისთვის“, - განაცხადა გიორგი შარაშიძე.

შარაშიძის განცხადებით, ქართველებისთვის სტუმართმოყვარეობა ღირსების ნაწილია, თუმცა „სტუმარმასპინძლობასაც აქვს თავისი წითელი ხაზები“.

„მთავარი საკითხი დღეს არის ღირსება, თორემ არავინ არ არის წინააღმდეგი ტურიზმის, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი. სტუმარმასპინძლობა საერთოდ სისხლში გვაქვს ქართველებს, ეს ჩვენ ვიცით კარგად და ეს ჩვენი ღირსების ნაწილია, მაგრამ ამ სტუმარმასპინძლობადაც აქვს თავისი წითელი ხაზები. დღეს საქართველოში არსად იგრძნობა, რომ რუსეთი ოკუპანტი, რუსეთი არის საქართველოს მტერი“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

გიორგი შარაშიძემ გადაცემაში ქვეყანაში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა.

ის გამოეხმაურა პარტია "ჯერ საქართველოს" დამფუძნებლის, ვიქტორ ყიფიანის, განცხადებას: „ყველაზე რეალური, თანაბარი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების გარკვეული წესების თავმოყრა და მმართველ პარტიასთან სწორედ ამ წესებზე საუბარი იქნება - ოპოზიციამ უნდა ვიფიქროთ პოლარიზაციის დასრულებაზე“.

შარაშიძის თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ოპოზიცია გაძლიერდება და დაანახებს „ოცნებას“ , რომ მისი მხარდაჭერა ძლიერი აღარ არის.

„სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების მოპოვება ყოველთვის და ყოველდღიურად არის ოპოზიციის საქმე. მით უმეტეს იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც დღეს ვართ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ სამოქმედო გეგმა დავდეთ და ეს დღესაც ძალაშია, მაგრამ რეალობასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ჩვენი პოზიციების გაძლიერებით, „ოცნების“ ელექტორატის დასუსტებით, საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობის გაძლიერებით, შევძლებთ იმას, რომ „ოცნებას“ უკან დავახევინოთ და დათმობებზე წამოვიყვანოთ. ეს ვერ მოხდება ერთ ფორმალურ შეხვედრაზე მრგვალ მაგიდაზე, ამას მუდმივი მუშაობა უნდა, სჭირდება წნეხი „ოცნებაზე“. დიალოგი შესაძლებელი იქნება მაშინ, თუ ჩვენ გავძლიერდებით და დავანახებთ, რომ მისი ელექტორატი აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორც იყო“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.