თუშეთის დაცული ლანდშაფტი - თუშეთში სტიქიური მოვლენების გამო, სოფელ შენაქოს ხიდის მონაკვეთზე წყლის ნაკადმა სრულად გამორეცხა საყრდენი, რამაც გზის საფუძვლის ჩამოშლა გამოიწვია - გთხოვთ, თავი შეიკავოთ ხიდის მიმართულებით გადაადგილებისგან - Palitra News

თუშეთის დაცული ლანდშაფტი - თუშეთში სტიქიური მოვლენების გამო, სოფელ შენაქოს ხიდის მონაკვეთზე წყლის ნაკადმა სრულად გამორეცხა საყრდენი, რამაც გზის საფუძვლის ჩამოშლა გამოიწვია - გთხოვთ, თავი შეიკავოთ ხიდის მიმართულებით გადაადგილებისგან

2026-07-19 18:45:37+04:00

თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თუშეთში უხვი ნალექისა და თოვლის ინტენსიური დნობის შედეგად, მდინარეების დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, რის გამოც სოფელ შენაქოს საავტომობილო ხიდის მისასვლელ მონაკვეთზე წყლის ნაკადმა სრულად გამორეცხა საყრდენი, რამაც გზის საფუძვლის მთლიანი ჩამოშლა გამოიწვია.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ხიდი უზრუნველყოფს სოფლების - შენაქოსა და დიკლოს კავშირს სოფელ ომალოსთან, ასევე, ბარის მიმართულებასთან.

მათივე ცნობით, შექმნილი ვითარების შესახებ ოპერატიულად არის ინფორმირებული ყველა პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება.

„მოსახლეობისა და ვიზიტორების საყურადღებოდ.

თუშეთში უხვი ნალექისა და თოვლის ინტენსიური დნობის შედეგად, მდინარეების დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. აღნიშნული სტიქიური მოვლენების გამო, სოფელ შენაქოს საავტომობილო ხიდის მისასვლელ მონაკვეთზე წყლის ნაკადმა სრულად გამორეცხა საყრდენი, რამაც გზის საფუძვლის მთლიანი ჩამოშლა გამოიწვია. აღნიშნული ხიდი უზრუნველყოფს სოფლების - შენაქოსა და დიკლოს კავშირს სოფელ ომალოსთან, ასევე, ბარის მიმართულებასთან.

თუ იმყოფებით სოფელ შენაქოს ან დიკლოს ტერიტორიაზე, გთხოვთ, დარჩეთ სახლში, საოჯახო სასტუმროებში და თავი შეიკავოთ ხიდის მიმართულებით გადაადგილებისგან.

ნებისმიერი ლოჯისტიკური, სამედიცინო თუ გადაუდებელი საჭიროების წარმოქმნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს (112) ან ადმინისტრაციას (საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: +995 599 004 972 - ლადო კახოიძე).

უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, მკაცრად აკრძალულია დაზიანებულ საგზაო მონაკვეთთან ტრანსპორტით მიახლოება, ვინაიდან გრუნტის ჩამოშლის პროცესი კვლავ დინამიურია.

შექმნილი ვითარების შესახებ ოპერატიულად არის ინფორმირებული ყველა პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება. მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა პრევენციული ღონისძიებებისა და შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად.

ომალო - შენაქო - დიკლოს საავტომობილო გზაზე მოძრაობის აღდგენისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.