გზავნილები მოსკოვიდან და პოლიტიკური კამათი თბილისში - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას, განცხადებები საქართველოს ხელისუფლებისა და დასავლეთის შესახებ ახალი ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საქართველოს ისტორიაში პირველად, ოკუპანტი ქვეყანა, ხელისუფლების მისამართით ღია მხარდაჭერის გზავნილებს ავრცელებს. მმართველ გუნდში კი კრემლის განცხადებების მნიშვნელობას სხვაგვარად აფასებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებებს რუსეთის მხრიდან დადასტურება არ სჭირდება. ამავე დროს, ამტკიცებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის „ყელში გაჩხერილ ძვლად“ იქცა და ქვეყანა უცხოური ჩარევის თვალსაჩინო მაგალითად მოიხსენია.