„ქართულ ოცნებაში“ კარგად იციან, პარტიების აკრძალვას რა ფასი შეიძლება ჰქონდეს მათთვის, დემოკრატიის დასამარებისკენ გადადგმული ნაბიჯი მათი პოლიტიკური სამარისკენ გადადგმული ნაბიჯია, - ასე აფასებს „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც ეხებოდა „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის მოთხოვნით შეტანილ სარჩელს.
როგორც სიორიძემ აღნიშნა, რაც არ უნდა მოხდეს, მოვლენათა განვითარების ნებისმიერ სცენარში „ძლიერი საქართველო-ლელო“ პოლიტიკურ ბრძოლას არ შეწყვეტს.
„კობახიძისგან მსგავსი მუქარები ორ წელიწადზე მეტია გვესმის. თავის დროზე, როდესაც სარჩელი შეიტანეს აკრძალვაზე ჰქონდათ 9 - თვიანი ვადა, მაგრამ ამ ვადაში, ვინაიდან ვერ ეტეოდნენ, არ ჰქონდათ გადაწყვეტილება მიღებული და იყვნენ გაჭედილები, გამოიტანეს და ხელახლა დაიწყეს ვადის ათვლა, ახალი სარჩელი შეიტანეს.
„ქართულ ოცნებაში“ კარგად იციან, პარტიების აკრძალვას, რა ფასი შეიძლება ჰქონდეს მათთვის, დემოკრატიის დასამარებისკენ გადადგმული ნაბიჯი მათი პოლიტიკური სამარისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენი კოალიცია, „ძლიერი საქართველო-ლელო“, პირველ რიგში, ვართ გაერთიანებული იდეისთვის და ვართ ჩართული უკომპრომისო ბრძოლაში რეჟიმის წინააღმდეგ. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რაც არ უნდა მოხდეს, მოვლენათა განვითარების ნებისმიერ სცენარში ჩვენ პოლიტიკურ ბრძოლას არ შევწყვეტთ, ვიქნებით თანმიმდევრულები, შეუპოვრები და მივიყვანთ ჩვენ საქმეს ბოლომდე - რეჟიმის დასრულებამდე კონსტიტუციური გზით“, - განაცხადა სიორიძემ