საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მომხმარებლებისთვის ახალი ციფრული პლატფორმა აამოქმედა. თუ აქამდე სხვადასხვა ბანკის ტარიფების, დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების, ვალუტის გაცვლითი კურსებისა თუ სხვა მომსახურებების შესადარებლად თითოეული ბანკის ვებგვერდზე ცალ-ცალკე ინფორმაციის მოძიება იყო საჭირო, ახლა ეს ყველაფერი ერთ სივრცეში - ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა თავმოყრილი. ახალი პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეადარონ კომერციული ბანკებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების პირობები, სპეციალური კალკულატორების დახმარებით წინასწარ გამოთვალონ როგორც კონკრეტული ოპერაციის, ისე მთელი წლის განმავლობაში საბანკო მომსახურებით სარგებლობის სავარაუდო ხარჯი.