ბერდია სიჭინავა - ეუთო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია არაღიარების პოლიტიკის და როცა ამბობ, რომ მისი ბასტიონი დაეცა, ეს არის პოლიტიკური იმბეცილობა - ასამბლეაში რომ უმრავლესობით ყოფილიყვნენ, იქაც მუშტიკრივს გამართავდნენ „კოლექტიური გორდულაძეები“ - Palitra News

ბერდია სიჭინავა - ეუთო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია არაღიარების პოლიტიკის და როცა ამბობ, რომ მისი ბასტიონი დაეცა, ეს არის პოლიტიკური იმბეცილობა - ასამბლეაში რომ უმრავლესობით ყოფილიყვნენ, იქაც მუშტიკრივს გამართავდნენ „კოლექტიური გორდულაძეები“

2026-07-15 15:15:02+04:00

ეუთო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია არაღიარების პოლიტიკის. ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორია, რომელსაც კბილებით უჭირავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. რომ გამოდიხარ პოლიტიკურად უვიცი ტექსტებით და საუბრობ, რომ ეუთოს ბასტიონი დაეცა, ეს რა არის თუ არა პოლიტიკური იმბეცილიზმი? - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რომ უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილნი, დარწმუნებული ვარ, მუშტიკრივს გამართავდნენ იქაც „კოლექტიური გორდულაძეები“, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა ბერდია სიჭინავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე „ქართლი ოცნების“ რეაქციის შეფასებისას განაცხადა.

სიჭინავას, თქმით, „ქართული ოცნება“, რომელიც ამბობს, რომ პრაგმატული და მულტივექტორული საერთაშორისო პოლიტიკით არის დაკავებული, იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავს კრიტიკულად აფასებდეს, საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმით არის დაკავებული.

„რეზოლუციაში აღწერილია ფაქტობრივი მდგომარეობა, რაც დღეს ქვეყანაში არის. „ოცნების“ ხელისუფლება რაც არა უნდა არწმუნებდეს დასავლეთს, რომ ქვეყანაში არაფერი ხდება, ფაქტი არის ერთი, ქვეყანაში ფაქტობრივად დევნაა გამოცხადებული, პირდაპირი ნადირობაა გამოცხადებული განსხვავებული აზრის მიმართ და ამის ძალიან კარგი მაგალითია გასულ თვეს საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენები, როდესაც, ფაქტობრივად, მოძალადე, კრიმინალური მეთოდებით გაუსწორდა განსხვავებულ აზრს „ოცნების“ დეპუტატების მნიშვნელოვანი ნაწილი. საქართველოს პარლამენტში, კამერების წინ ეს რომ ხდება, თქვენ წარმოიდგინეთ, რა ხდება დახურულ სივრცეებში, რა ხდება ქუჩებში. ფაქტი ერთია, ყველა ასეთ რეზოლუციას, რომელსაც მტკივნეულად აღიქვამს „ოცნების“ ხელისუფლება, იმისთვის კი არ იყენებს, რომ რამე გამოასწოროს ქვეყანაში, იმისთვის იყენებს, რომ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში კიდევ მეტი დემონიზება მოახდინოს დასავლეთის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და იმ ორგანიზაციების, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ეუთოზე რომ საუბრობთ, ეუთო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია არაღიარების პოლიტიკის. ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორია, რომელსაც კბილებით უჭირავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. რომ გამოდიხარ პოლიტიკურად უვიცი ტექსტებით და საუბრობ, რომ ეუთოს ბასტიონი დაეცა და სიგიჟეებს, რასაც ვისმენთ „ოცნების“ დეპუტატების მხრიდან, ეს რა არის თუ არა პოლიტიკური იმბეცილიზმი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციას იმის ნაცვლად, რომ მის რეკომენდაციებს ასრულებდე, ასე ლანძღავდე და ფაქტობრივად, ქვეყნის მტრად აცხადებდე. ეს ხომ არის პოლიტიკური პრაგმატიზმის ყველაზე შეუფერებელი აქტი? ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ პოლიტიკური პრაგმატიზმი გვახასიათებს, მულტივექტორული საგარეო ურთიერთობები გვახასიათებსო. დაგვისახელეთ ქვეყანა, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელთანაც დალაგებული, მეტ-ნაკლებად ნორმალური ურთიერთობა აქვს „ოცნების“ ხელისუფლებას. ეუთოს ლანძღავენ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ლანძღავენ, ევროპარლამენტს ლანძღავენ, გერმანიას ლანძღავენ, საფრანგეთს ლანძღავენ, დიდ ბრიტანეთს ლანძღავენ თავისი ლორდთა თუ თემთა პალატით, კონგრესს ლანძღავენ, კონგრესმენებს ლანძღავენ, სახელმწიფო დეპარტამენტს ლანძღავენ. თუ ყველამ ერთად შეკრა პირი და „დიფ სტეიტის“ გავლენის ქვეშ ებრძვიან ივანიშვილს და „ოცნების“ ხელისუფლებას და ივანიშვილი და „ოცნების“ ხელისუფლება ისეთი მაგარია, რომ ყველა ბასტიონი „დიფ სტეიტთან“ ბრძოლაში დაეცა და ივანიშვილს და კობახიძეს უჭირავთ ამ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და ქვეყანაში რომ ომი არ არის, თურმე არის ივანიშვილისა და „ოცნების“ დამსახურება. შეხედეთ მოლდოვას, მოლდოვაშიც არ არის ომი, მაგრამ ის პოლიტიკა რაც უნდა ჰქონდეს ნორმალურ ხელისუფლებას, ნამდვილად არ აქვს დღეს „ოცნების“ ხელისუფლებას. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობები ახლა შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, რომ ვიყოთ სტაბილური ეკონომიკური პარტნიორი დასავლეთისთვისა და აღმოსავლეთისთვისაც და ჩვენ არსებულ პარტნიორობას ვანგრევთ საკუთარი ხელით. „ოცნება“ დღეს ხალხის ნებას კი არ გამოხატავს, ანტიეროვნული პოლიტიკით არის დაკავებული და ამ ანტიეროვნული პოლიტიკის ძირითადი საყრდენი, საფუძველი, მიზეზი, საბაბი ის არის, რომ რაც შეიძლება მეტხანს დარჩნენ ხელისუფლებაში და ძალაუფლებაში. იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავს კრიტიკულად უდგებოდნენ, რეზოლუციების ლანძღვით, ეუთოს ლანძღვით, დასავლელი პარტნიორების ლანძღვით არიან დაკავებულები. ნორმალური ხელისუფლება გააცნობიერებდა იმ რეკომენდაციებს, რაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაშია და არ დაიწყებდა დასავლელი პარტნიორების გინებას. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რომ უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილნი, დარწმუნებული ვარ, რომ მუშტიკრივს გამართავდნენ იქაც კოლექტიური გორდულაძეები“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.